siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 3:33 PM    
. . . . . . . . . . . . . . . . . . .

იცით? აქ მხოლოდ თეთრი კედლებია და არასდროს გვაინტერესებს რა არის მის მიღმა, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი წარმოსახვა არამარტო ამ კედლებს სცდება, არამედ მთელ სამყაროს და ბევრად უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე თქვენი, ყველასი ერთად...
თქვენ გიჟები ხართო - ასე გვითხრეს ერთხელ და სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი თავისუფლი ცხოვრება...
დიახ, თავისუფალი... რადგან ეს კედლები ბევრს არაფერს ნიშნავს, დაგვერწმუნეთ...
ჩვენ არასდროს გვაქვს კალენდარი, რადგან ჩვენ თვითონვე ვწყვეტთ, როდის და რომელი დღე უნდა იყოს...
ჩვენ არასდროს ვუყურებთ საათს, რადგან დრო ან ჩვენი სურვილით მიდის, ან - საერთოდ გაჩერებულია.
თქვენ კი? თქვენ ყველაფერზე დამოკიდებული და გამოკიდებული ხართ... სულ გეჩქარებათ, სულ იბრძვით, სულ ერთმანეთს მტრობთ და ოცნებობთ თავისუფლებაზე, იმაზე, რაც ჩვენ ისედაც გვაქვს.
და მაინც, ჩვენ გიჟები ვართ...
გიჟები - რადგან არასდროს გვეშინოდა გვეთქვა ის, რასაც ვფიქრობდით...
გიჟები - რადგან არც ყავის ჭიქას ვჩიჩქნიდით თვალებით და არც კარტი გაგვიშლია მომავლის გასაგებად, ჩვენთვის ხომ მომავალს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, რადგან ვიცოდით, რომ შეიძლება ის სულაც არ ყოფილიყო.
ჩვენ გიჟები ვართ - რადგან არასდროს გვიცდია გვეცხოვრა სხვების მსგავსად და მიგვებაძა ვინმესთვის თავის დასამკვირდებლად. ჩვენი თავის იმედად ვმოქმედებდით მუდამ და თუნდაც განსხვავებულს, მაგრამ ახალ აზრსა და ხედვას ვქმნიდით.
ჩვენ გიჟები ვართ - რადგან შეგვეძლო გვეთქვა თეთრზე შავი მაშინაც კი, როცა ჩვენი განმსჯელნი მას საერთოდ წითლად ხედავდით...
და მაინც, ჩვენ გიჟები ვართ...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

"თავის მოკვლა ცოდვააო"- ამბობთ თქვენ, ადამიანები....
თქვენ-თქო, იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ როგორც წესი, გიჟებს ადამიანებად არ გვთვლით. ალბათ ამიტომაც გაგვრიყეთ, მოგვიწყვიტეთ და გვერდიდან ჩამოგვითალეთ, როგორც ზედმეტი და მიუღებელი...
კარგით, იყოს ასე და როგორც ვამბობდი, თქვენ, ადამიანები გიჟებს თავის მოკვლაში გვადანაშაულებთ...
და თუმცა ჩვენთვის სასაცილოა, თქვენთვის კი - დაუჯერებელი, არასდროს მოგვიკლავს თავი! გესმით? არასდროს! დიახაც! გიჟები თავს არ იკლავენ! თავს იკლავს ის, ვინც სიგიჟეს ვერ ეგუება და ჩვენამდე ვერ მოდის... ჩვენ კი, საკმაოდ მყარი ნერვები გვაქვს... არ გჯერათ?
და თუნდაც არ დაიჯეროთ, ამ ყველაფერს შევეგუეთ კიდეც...
აქ ხომ ყველაფერი თეთრი და სუფთაა, თქვენთან კი - ჭუჭყიანი...
ჩვენ ყველას საკუთარი სამყარო გვაქვს. სამყარო, სადაც თქვენი ადგილი არ არის, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გიშვებთ, არამედ იმის გამო - რომ არცერთ თქვენგანს არ უნდა ჩვენნაირებთან...
ჩვენ ხომ გიჟები ვართ...
თუმცა, იქნებ ხანდახან დაფიქრებულიყავით იმაზე, რომ ჩვენც ვფიქრობთ, ჩვენც გვტკივა, გვწყინს და გვიხარია... კი, განსხვავებულად, ჩვენებურად, მაგრამ ხომ მაინც განვიცდით? თუმცა, როგორ არა, თქვენ ხომ ირონიულად გებრალებით და თანაც, ყოველწამიერად...
მაგრამ, გვიჭრდება კი ჩვენთვის თავარიდებული ადამიანების ღიმილნარევი სიბრალული?
თუმცა, ვინ გვეკითხება, ჩვენ ხომ გიჟები ვართ...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩვენ დედამიწას ავუტირდით...
ვიცით, ცხოვრებასაც ნელ-ნელა თავი მოვაბეზრეთ... ჰოდა, ერთ დღესაც ჩაგვყლაპა და სულ სხვა სამყაროში გადმოგვაფურთხა...
მას შემდეგ ასე ვართ...
არადა, რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თოვლი ზაფხულში და მზე სიბნელეში?! თუ იმიტომ, რომ ვერ იგებთ, რატომ ვიცინით მაშინ, როდესაც გვტკივა...
იქნებ, სიგიჟეც ნიღაბია?
ადრე, ხშირად გვესიზმრებოდა მატარებელი და გაქცევის სურვილი გვიჩნდებოდა, გვინდოდა მატარებელში ავსულიყავით და გა(მო)ვყოლოდით.
მაგრამ მაშინვე შეშინებულებს გვეღვიძებოდა...
ალბათ ძილშიც კი, ქვეცნობიერში, ყოველთვის ვიცოდით, რომ თქვენ არასდროს მიგვიღებთ...
ჩვენ ხომ გიჟები ვართ...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<