როცა ახდება ფუჭი ნატვრები,
მოგენატრები...
მოგენატრები ზაფხულში ქარად.
როგორც გჩვევია -
მტკიცედ და წყნარად.
მაგრამ ვიცი რომ, მოგენატრები. ცა რომ მორჩება გლოვას იების,
მონანიების...
უფრო კი, შეცვლის ნატვრა გექნება,
მაგრამ ვერ ქრება
უცნობი ალი -
რაღაცას იცავს.
მონანიების მლაშე კურცხალი
დანამავს ფიცარს.
როცა დაჭკნება ყველა ვარდები
შეგიყვარდები...
და ჩავარდები
უძირო ხევში
ხან ტანჯვისა და ხან ნეტარების...
მხოლოდ ოცნება გექნება ხელში
და გასაღები გულის კარების.
და მაშინ, როცა უკვე გავქრები,
შენ ვერ ჩაქრები.
და კელაპტრები აენთებიან.
სხვა ვერ შეიგრძნობს,
თუმცა ხვდებიან,
რომ ემსგავსები ჩუმი სიზმრების
მნათობს ფრთებიანს.
და დასრულდება ესე ზღაპარი...
შემდეგ კი სუსტი, მიუსაფარი
პურის ყანები დახრიან თავებს.
ჩაიცმევ შავებს.
და გრიგალებიც
ოქროს ფოთლებთან დახევენ ზავებს.
დაიფანტება ყველა ლანდები,
ზამთრის ცივ ღამეს მოგელანდები. . .
და დაილევა ღვინოდ ნატვრები,
შემდეგ კი, ისევ მოგენატრები.