ლურჯ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეში,
შორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,
ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღები,
ლურჯ ტყიან ნაპირს აქცევს, აკვდება.
შორს იალქანი მოსჩანს მცურავი
ლაღად გაშლილი, ვით გედის ფრთები,
და დაუცხრომლად ატოკებს ამ ფრთებს
ხან ქარიშხალი, ხან ზღვის ზვირთები.
გემს კი ზღვის სუნთქვა გახშირებული,
ხან დაუშვებს ძირს, ხან ასწევს მაღლა.
მაგრამ რა არის გემისთვის შიში,
რა არის ბრძოლა, რა არის დაღლა?
იგი ვერც წარსულს გამოაბრუნებს,
და ვერც მომავალს ვერ მიეწევა...
მისთვის ერთია ზღვაზე სრიალი
და ზღვის ტალღებზე ნაფოტად ქცევა.
ლურჯ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეში
შორს. უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,
ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღები,
გემს ეხლება და ვაებით სკდება... |