გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს.
ტყე განიძარცვა და მის კალთებზე
ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს.
სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო,
ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...
და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის
აუხდენელი მესმის ზღაპარი.
გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.
ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე
ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,
დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...
გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს.