იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ, იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს!
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?
ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში,
ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით...
ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო,
დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით.
ბევრჯერ ჩემი იალქანი დაშლილა,
არ მჯეროდა თუ სადმე გამიყვანდა,
ბევრჯერ, ბევრჯერ მწარედ ავტირებულვარ,
როცა შველა არსაიდან არ სჩანდა.
ყველაფერი ამ ბრძოლაში დავღუპე:
იმედები, უმართლობის მხილება...
რაც დავკარგე, ხომ დავკარგე სამუდმოდ,
დამრჩა მხოლოდ მწარე გამოცდილება.
და რაც დამრჩა, მას ვერავინ წამართმევს,
უიმედოს, ბედისაგან განამეტს
და ვიბრძოლებ სტიქიური გულისთქმით,
რაც დავკარგე, რას დავკარგავ იმის მეტს?
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
რას გახდები, ან რა უნდა დამაკლდეს?
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?..