თუ ყურს უგდებდი ბარიკადის ხმას ჩასაფრებულს,
თუ ყურს უგდებდი ყუმბარების სიმღერას მწარეს,
იგი ჰანგები ტალღას სცემდა გულს გამძაფრებულს,
იგი გვამცნევდა მისაწვდომელ ჰანგების არეს.
ვერა, ბუნებავ, სუსტი ენა ვერ გამოხატავს
ცხრაას ჩვიდმეტის სიდიადეს და აღმაფრენას,
არ შეუძლია, მის წინ რამ სთქვას ენას მომაკვდავს,
აღარ აქვს ძალა იმ ძალასთან უბრალო ენას.
თუ ყურს უგდებდი ცეცხლს და გრიგალს მრავალ შვენებით,
განა ვერ ამჩნევ, რომ მზის სხივი მიმოიფანტა.
გავიდა ხანა. ახლა მაინც ხარ მოსვენებით,
მაგრამ იგი დრო ენამ მაინც ვერ გამოხატა.