|
სადღაც სადგურის მახლობლად მყუდრო
დღე ეუბნება: "მშვიდობით” - ივლისს.
ორკესტრმა დაჰკრა "ინტერნაციონალი”
და ჟრუანტელი სხეულში მივლის.
მუდამ მაღელვებს ეს ჰიმნი ჩვენი,
ეს ჟრუანტელი ჩვენი დროისა,
ადგილს რომ მოსწყდა კაცობრიობა
და უფრსკულებში მიიმსხვრ-მოიმსხვრა.
ამ ჰიმნმა დასძრა ძველი ტაძრები
და ვარსკვლავები აჰყარა ცაზე.
მწვერვალს მოსწყვიტა სასახლეები
და დააქანა მოლიპულ გზაზე.
მე მომაგონდა, არ ვიცი რატომ,
როცა ორკესტრის ჰანგი მინელდა,
გამარჯვებამდე ტერორის მომხრე
მტკიცე რაზმები იაკობინელთა;
მე მომაგონდა, არ ვიცი რატომ,
სცენა პარიზის საშინელ დღეთა,
ვერსალელების მიერ მხეცურად
კომუნარების რბევა და ჟლეტა;
მე მომაგონდა, არ ვიცი რატომ,
ფრანკო-პრუსიის მძვინვარე ომი, -
სადგურის იქით უკრავს ორკესტრი
და ემატება ფანტომს ფანტომი.
აი, პარიზის რიგები მუშის,
აი, გამოსვლა ტყვიის ზუზუნის,
ჯერ გამარჯვება სიხარულისა,
სისხლში ჩახრჩობა შემდგ კომუნის.
ისევ ამძაფრებს გრძნობას ორკესტრი,
სანახაობა აღარ ახარებს.
აგერა, მამა და კალატოზი
აგებენ სახლებს და ყავახანებს.
კისკისი ისმის უდარდელ ქალთა,
მარჯნისფერ სასმელს სვამენ ფრანტები,
აი, ვის უგებს სახლს კალატოზი,
თვითონ სარდაფში განალანდები.
კალატოზს რვაას ორმოცდარვიდან
ახსოვს დღეები მწარე ივლისის,
როცა საშინელ გამძაფრებაში
დახვრიტეს ბევრი და მამამისიც.
იგი აიღებს ხელში იარაღს,
იგი მიიღო მუშათა რიგმა,
მაგრამ დაეცა მალე კომუნა
და სხვებთან ერთად ის მოკლულ იქნა.
შემდეგ, როდესაც კვლავ ხვრეტდნენ ტყვეებს
ქალმა კისკისამ, მოსილმა შავში,
მოკლა ამ მუშის პატარა შვილი, -
ის, კომუნარი, ოთხი წლის ბავშვი.
მე მომაგონდა, არ ვიცი რატომ,
ჰიმნი მომავალ რევოლუციის,
ჰიმნი მასისთვის მებრძოლი გულის,
ჰიმნი ხალხისთვის ამომავალ მზის
და ციხეები, გამოძიება,
სასამართლოთა განაჩენები,
გადასახლება, რბევა, კატორღა
და შემუსვრილი მუშათ ფენები.
თითქო მიწის ქვეშ ისმის გუგუნი
არალეგალურ სტამბათა ბორბლის,
ცხრაას ხუთი წლის მღელვარე ფონზე
საქართველოის მრავალი ორბის.
იშლება პრესნის ბარიკადები
და იღვრებიან სისხლის წყარონი,
ორკესტრი გრგვინავს, ვით გიგანტური
ბორკილებისა მძიმე ჟღარუნი.
ორკესტრმა დაჰკრა "ინტერნაციონალი”,
ეს ხმა არ არის მშვიდი და ნელი,
კოლოსალური, ძლიერი ხმაა,
ეს ხმაა ცხრაას ჩვიდმეტი წელი.
თქვენ მარტო არ ხართ სადარაჯოზე,
და თქვენთან ერთად იბრძვის ათასი -
ჩვენი და მთელი კაცობრიობის
გაღვიძებული მუშათა კლასი.
წადით პირდაპირ ამ გზით და მუდამ
მაღლა გეჭიროთ წითელი დროშა,
ჩვენ კი ყოველთვის თქვენთან ვიქნებით,
იმ ბრძოლის დროს და ზეიმის დროსაც!
და კიდევ ბევრი ბრძოლის გადახდა,
ეჭვს გარეშეა, ჩვენ წინ დაგვხვდება,
თუ მთელი ქვეყნის თავგასულობა
თავდასხმისათვის კვლავ ემზადება.
ხანდახან გული გექნება მშვიდი:
რომ მოიხედავ, ბრწყინავს მზეები,
რომ გაიარა თავისი დიდი
ისტორიული ბრძოლების გზები.
გვასწავლა ბრძოლა და გამარჯვება
ათასმა, ბევრმა ათი ათასმა,
ვინაც შესძლო და მოიგერია
დაუნდობელი მტრების თავდასხმა.
სად ათეული ათასი რიცხვი,
რიცხვი უფრო მძლე და უფრო დიდი,
წინათ ჯანსაღი და ღონიერი -
დავრდომილია და ინვალიდი.
წყლული მორჩება, არაფერია.
ესკადრილიით, ხმალით და თოფით,
კიდევ ბევრს ვნახავთ მტრის დამარცხებას
ერთი სურვილით და ნებისყოფით.
მუდამ მაღელვებს "ინტერნაციონალი”,
ეს ჟრუანტელი ჩვენი დროისა,
ადგილს რომ მოსწყდა ძველი ცხოვრება
და უფსკრულებში მიიმსხვრ-მოიმსხვრა.
1927 |