|
როდესაც ვუცქერ მე შენს თვალთა უძირო ლაჟვარდს,
როცა თვალი თვალს უსწორდება ისე, შემთხვევით,
დატოვებული, შორი კუთხე მომაგონდება,
მოგონებები თვალწინ რბიან სევდიან რხევით.
მე მაგონდება ჩვენი ძველისძველი სასახლე,
გვერდზე მოხრილი, შავი ყავრით გადახურული
და ბაღი შორი, სავსე ვარდით, ცაცხვის ხეებით
მარჯვნივ და მარცხნივ დაქსელილი და დაბურული.
რამდენი ღამე მითევია შენს მოლოდინში,
ცას ვარსკვლავიანს შუქს ჰმატებდა ელვარე მთვარე,
შენს მოლოდინში ოჰ, ვინ დასთვლის თუ რაოდენი
გამოუცნობი მღელვარების ცრემლი დავღვარე.
ოჰ, იმ ცრემლებით ირწყვებოდა ჩემი ვარდები
და იმ ქვითინით იზრდებოდა მომავლის ნანა.
შენ არსით სჩანდი, მაგრამ ჩემთვის უცხო არ იყო
შენი თვალების იდუმალი, წმინდა ქვეყანა.
მე ვგრძნობ შენს ირგვლივ მხიარულ და უდარდელ ქალებს,
ვიცი, რას ფიქრობს გიჟ ფერხულში აქ თვითეული.
მათ მხოლოდ სახეს არ უშიშვლებთ შავი ნიღაბი,
თორემ იქ... გულში... რა ქარია გადარეული...
ხანდახან განცდის სურვილებით შენ მათ შორდები,
და გეწამლება სული რაღაც უმიზნო ხმებით.
დგეხარ კუთხეში, სიბნელეში უცქერ შორიდან
და გსურს იტირო მწარე კვნესით, მწარე ცრემლებით.
განკიცხვის ლექსი იბადება მაშინ ჩემს გულში
და ილესება როგორც დანა გლადიატორის,
და ვწუხვარ, ვწუხვარ, რომ დღეს თუ ხვალ ეგ მძლავრი
ტალღა
შენც გადაგითრევს მოლივლივე ტალღათა შორის!
1914 |