მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობიერია ზმანება,
ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი
ხაზების ახოვანება!
ღვრის იისფერი დღე ლბილი
ოცნებას ცისფერ რამეზე:
ნანგრევზე არის გაშლილი
დიდება და სილამაზე.
ველური, მოუნათვლელი
ქვის ცივი, რუხი გაგება,
ადვილად არის სათლელი
და თბილად - დაქანდაკება.
ქვა - განა ქვაა? ეს რთული
ნიშნები, ჩემთვის ნათელი,
გაცოცხლებული ქვის გული
ჟღერს, როგორც კორიანტელი.
ქვა, მოწყვეტილი აქ კლდეებს,
ქვა კი არ არის - სიმია.
გარდასულ საუკუნეებს
ეტყვი: ეს თქვენი ღიმია.
აქ ბევრი სისხლი დაღვარეს.
მებრძოლი, ბევრჯერ მინახავს,
ჩუქურთმის ნატეხს საყვარელს
ომის დროს უბით ინახავს.
1940 |