დაეშვა მთიდან ყვითელი კვამლი, ყინვა ლოთივით აგდია გარეთ, ღამე პეშვებით საფიქრალს მაწვდის და ხეზე შერჩა ბურთივით მთვარე. სულ სხვანაირად გიხსენებ ახლა, რაღაცნაირი ღამეა - ნედლი, სიბნელე ოთახს თევზივით ყლაპავს და საკუთარ თავს ვუზივარ გვერდით. ვღელავ იმგვარად, თითქოს ბოლოჯერ უნდა გნახო და მერე წავიდე, და გაშიშვლებულ ქალაქში მხოლოდ ხეების ჩრდილი ახურავთ ხიდებს. თუ ვინმე იყო წავიდა ისიც, წავიდა როგორც მიდიან ჩემგან, და ქარებს შუა გაბმულად ისმის ჩემი გულის ხმა და ჩემი ფეთქვა. |