ახლა ამწუთას, როცა მე აქ ვარ,
როცა წისქვილებს ვაბრუნებ პირქვე,
ნეტავ სიტყვებმა სიმართლე დაფქვან,
ნეტავ სიმართლეს გაუძლოს ვინმემ, ახლა ამწუთას, როცა განვიცდი,
ნეტავ აქ იყო, შენც განიცდიდე,
მარხვა დამწურავს, ლოცვა არ ვიცი,
ლოცვა ცეცხლივით მაინც ლიცლიცებს,
ვითვინიერებ ყვავებს და ყორნებს,
სამყაროს ბზარი გაივლის ჩემში,
შენამდე მოვა, თან გაგიყოლებს,
თან გაგიყოლებს, ჭკუიდან შეგშლის,
დაბეჯითებით და სიტყვა-სიტყვით,
ისე გულდასმით, ისე არასდროს,
ნაბეჭდი მთებით, მარხვისას ვიტყვი,-
შეკრულმა თასმით, ხსნილი მანახოს,
გზები მანახოს, სამყარო შეცდა,
ნეტავ სუნთქვებმა ლოცვანი დაფქვან,
ახლა ამწუთას, მათ შორის შენც და
ახლა ამწუთას, როცა მე აქ ვარ,
როცა წისქვილებს ვაბრუნებ პირქვე
და ბევრი ვნახე ზეიმი, გლოვა,
ლოცვა ყვავების მიპნიოს ვინმემ
და ის სიმართლეც თავისით მოვა,
ის ერთადერთი, ის უშორესი.
თანაც ჩემს თვალწინ როცა ლიცლიცებს,
დანაც დაჟანგდა უშნოდ ნალესი
ნეტავ აქ იყო, შენც განიცდიდე,
ზუსტად იგივეს, ზუსტად ისევე,
დამდგან ხეებმაც, ჩრდილი დამწურავს,
თაფლზე ფუტკრებსაც შემომისევენ,
რადგან მე აქ ვარ, ახლა ამწუთას.