ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,
ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!
თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი
დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად. აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი
(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება),
ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.
მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,
“ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,
და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.
ვეტყვი, “როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი.
მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო,
და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!”