ვერ გამოვექეც, ამ ღმერთეულ, ზვრებს და ვენახებს, თავბრუს მახვევენ, აბურცული ძუძუ - კვირტები, ამდენი ხანი, თუ ვერ მოველ, თუ კი ვერ გნახე, ნუ ატირდები დედოფალავ, ნუ ატირდები. ვერ გადავურჩი, როგორც წყევლას შეცდენილ ქალის, გააპრილების აცეტებულ მოთქმას და ხარხარს, რომ სთქვი - ძნელია დავიწყება დაუვიწყარის, ამად მიყვარხარ დედოფალავ, ამად მიყვარხარ. არ გამიცვლიხარ, ოცნებებშიც ჯერ ვერ გაგცვითე, და მიმწუხრისას, შენზე ლოცვით როცა მივცხრები, გეჩურჩულები, თუ ოდესმე გული ჩაგწყვიტე, ნუ გამიწყრები დედოფალავ, ნუ გამიწყრები. შენი სახება პოეზიით მარად იცოცხლებს, ვარდთა სიალით და ბროლებით გვირილებისა... ეხლა კი სიზმრით, კულულებში თითებს გიცოცებ, ძილი ნებისა დედოფალავ, ძილი ნებისა... თუ ვერ გავურბი, ამ ღმერთეულ, ზვრებს და ვენახებს, თუ მიმეტებენ ათქვირული ძუძუ - კვირტები, ამდენი ხანი, თუ ვერ მოველ, თუ კი ვერ გნახე, ნუ ატირდები დედოფალავ, ნუ ატირდები |