მივათრევ სხეულს წუთისოფლის მტვრიან შარაზე და ფურთხის ღირსად მემეტება ჩავთვალო თავი. ჩემი სიცოცხლეც არამია ამ ქვეყანაზე, როცა ვარდისფერს უმოწყალოდ ერევა შავი.
გარდავიცვალე და კივილით სული გამცილდა, ათას ნაფლეთად დაეფინა ხორცი მაყვლიანს, გამოვიტირე გამარჯვება ჩემთა მაცილთა, ეხლა აღარ ვარ და ყვავილებს რისთვის მაყრიან.
აღარ მჭირდება უთბილესი ალერსის სიო, მაღიზიანებს გვირგვინების ფერთა გნიასი, აეტმასნება სული ჩემი შუაღამის სიონს, მოენატრება ბილიკები ბეთანიასი
და გავარდება განთიადზე მყიფე კივილად, არარაობად ნაქცევ ჭურჭელს გამოქცეული... ნუთუ სიცოცხლე ღირდა ასე მძიმე ტკივილად, ნუთუ მძორია სილამაზით სავსე სხეული?! |