ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს,
წკრიალებს ჩემი საყურე ვერცხლის,
შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი.
ჩამოიშლება ტაძარი რწმენის და
ეს თიბათვე ველებს გათიბავს,
როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი,
აღარ მეცმევა კაბა ქათიბა,
აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს,
სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები,
მე დაგივიწყებ ძალიან მალე
და შემოდგომა მოვა უშენოდ.
მერე ინანებ, რომ არის გვიან,
მოდგები ამ ჩემს გზასთან, ქვიანთან,
რომ უშენობით დამჭკნარა ღვია,
რომ სადღაც, გზაში დაგაგვიანდა.
მე კი, გავყვები ღორღიანს, ქვიანს,
კვლავ იწკრიალებს საყურე ვერცხლის,
შენ მოხვალ, ვიცი, ძალიან გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი. |