მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი,
შემოგკრობია ფუფუნება ოქროს ღილებით,
გამდიდრებულხარ, როგორც ერთდროს მომჭირნე კრეზი
და ცოხნი დღეებს შემაზრზენი კმაყოფილებით.
გამოგიწყვია კარ-მიდამო, ცოლი, შვილები,
გამოგიმრუდა უგნურებამ ცხოვრების გეზი,
იცი, როგორ და სად მოკვდები დანამდვილებით
და არ გადარდებს თუ კი სადმე მოყვასი კვნესის.
მამულის ტრფობით არ ყოფილხარ ნაშიმშილები,
უკუნ ღამეში არ გაგიკრავს აბედზე კვესი,
რჩეულ ვაჟკაცებს პირველობას არ ეცილები
და მრუშ სახეზე აგკრობია იერი ქლესის.
ფუჭად ჩაივლის ეგ ცხოვრება ნაცოდვილები,
აღსავლის კარზე სამარცხვინოდ გაეჩხირები,
აწი და აწი მიითვალე დრო უარესი,
მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი. |