siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 8:11 AM    
siyvaruli.in
ის განისვენებს სიბნელეში,

დანაღმული ველებითა და

მავთულის ღობურებით გარემოცული.

მას სძინავს და ძილში ჩურჩულით მღერის:

რა კარგია ძილი, რა კარგია უწყვეტი ძილი.

რა კარგია, როცა სულ გძინავს, მაგრამ არსებობ.

რა კარგია, არავინ რომ არ გიფრთხობს ძილს და

შენც, მოშვებული, არავის უტევ.

მსოფლიოვ, ნუთუ არ მოგწყინდა

შენი ფხიზლობის უთავბოლო ამბავი?

ნუთუ საერთოდ არ მოგბეზრდა აქამდე თავი

შენი ზედაპირული სწრაფვებითა

და გონებაჩლუნგის თავდაჯერებით?

შენი ევოლუციის თეორიებითა

და სასაფლაოს მცენარეულობით?

შენი გაუპატიურებული მორალითა

და ნაპატივები უსამართლობით?

შენი ადამიანის უფლებების დეკლარაციებით,

როცა ადამიანები ადამიანები აღარ არიან?

შენი ნარჩენებით, რომლებშიაც უფრო ვლინდები,

ვიდრე იმაში, რაც მათ ტოვებს?

შენი ვნებიანი მასობრივი არეულობებითა

და იძულებითი საზოგადოებრივი წესრიგებით?

შენი ხელიხეჩაკიდებული ომებითა და მშვიდობებით?

შენი ტერორიზმისა და მასთან ბრძოლის ტანდემით?

შენი არქეოლოგიური ძიებებით ჭეშმარიტების?

შენი იმდენივე ნაბიჯით უკან, რამდენითაც წინ?

შენი უსიცოცხლო ოფისებითა და მყრალი საროსკიპოებით?

შენი სათამაშო ბიზნესითა და ნარკოვაჭრობით?

შენი სისხლზე აშენებული სასახლეებით?

შენი უსახლკარო ბავშვებითა და უარყოფილი მოხუცებით?

შენი სიხარულით იქ, სადაც სიხარულის საფუძველი არაა?

შენი ცხვირმოუხოცავი ბელადებით?

შენი სამგლოვიარო მესებითა და საკლუბო მუსიკით?

შენი სულელური გამოხტომებით უსასრულობაში?

შენი ვენერული დაავადებებითა და ვახტიორის სინდრომით?

შენი არარაობის პატივმოყვარეობით?

შენი ვერცხლისმოყვარე სასულიერო პირებით?

შენი გენიოსსა და ბრბოს შორის გაუგებრობებით?

შენი რობინზონადებად ტრანსფორმირებული ოდისეებით?

შენი უქმი ლაბორატორიებითა და ლაბირინთებით?

შენი აბლაბუდებიანი საკუჭნაოებითა და სარდაფებით?

შენი წრეზე მატარებელი ხიდებითა და ავტოსტრადებით?

შენი არსადმიმყვანი გზებითა და გვირაბებით?

შენი დაბინძურებული წყლითა და ამტვერებული ხმელეთით?

შენი შხამიანი გველებითა და მათი მწვრთნელებით?

შენი მუზეუმებად გადაკეთებული სასაკლაოებით?

შენი ცვალებადი ტრანსპარანტებითა და სარეკლამო აბრებით?

შენი დაგეგმილი და სპონტანური მკვლელობებით?

შენი გათეთრებული და გაუთეთრებელი ფულით?

შენი სამარცხვინო შეჯიბრებებითა და ტაკიმასხარაობებით?

შენი უბადრუკი იერარქიებითა და სუბორდინაციებით?

შენი კურიოზული კლასიფიკაციებითა და დიფერენცირებებით?

შენი გახუნებული იარლიყებითა და ფუყე სიმბოლოებით?

შენი იმთავითვე კოტრი ბანკებითა და კომპანიებით?

შენი წარმავალი ბრენდებითა და ნოუ-ჰაუებით?

შენი მიზნით გამართლებული საშუალებებით?

შენი დამსხვრეული და დაუმსხვრეველი კერპებით?

შენი ხსოვნის დღეებითა და სკლეროზით?

შენი შავი კვადრატით დასრულებული პართენონით?

შენი კომიკური პროგნოზებითა და საექსპერტო შეფასებებით?

შენი უაზრო აღლუმებითა და საპროტესტო აქციებით?

შენი ხმაჩახლეჩილი მიკროფონებითა და მეგაფონებით?

შენი დაზვერვის სამსახურებითა და ჯაშუშობით?

შენი კონსპირაციულობითა და სულმოკლეობით?

შენი ტატუირებული ბარძაყებითა და კოჭებით?

შენი გახვრეტილი ძუძუსთავებითა და გენიტალიებით?

შენი პირში კევითა და ცხვირში ჟღვინტით?

შენი დროსტარებებითა და დროის ფასის ცოდნით?

შენი უმიზნო ლაშქრობებითა და კარვის დადგმებით?

შენი ყოველ ნაბიჯზე ალკოჰოლითა და თამბაქოთი?

შენი ანაშისა და ოპიუმის ტრიუმფით?

შენი შპრიცებიანი და ნარწყევებიანი სადარბაზოებით?

შენი სრიალა პოდიუმებითა და გადასაღები მოედნებით?

შენი ფოტოკამერებითა და დაყენებული გამოხედვებით?

შენი პრიალა ჟურნალებითა და საპნის ოპერებით?

შენი კარტოფილი ფრითა და პასტა კარბონარათი?

შენი კატლეტებითა და ბიფშტექსებით?

შენი ლოკოკინას წვნიანებითა და მამლებით ღვინოში?

შენი მოშუშული კალმარებითა და შემწვარი ლანგუსტებით?

შენი ბლანმანჟეთი და რაჰათ-ლუქუმით?

შენი კოქტეილებით `მარგარიტა~ და `სექსი პლაჟზე~?

შენი აბეზარი აგიტაციებითა და სტრიპტიზებით?

შენი ურთიერთგამომრიცხავი სიბრძნეებით?

შენი ფრთიანი გამონათქვამებით,

ღამურებივით რომ დაგფარფატებენ?..

აი, მე მძინავს და შენს ფხიზლობას ჩემი ძილი მირჩევნია.

არ გამაღვიძო, მსოფლიოვ, არ გატეხო ჩემი ნეტარი ძილი.

მეძინება, დაღლილი ვარ.

არსებობა დაღლაა, მაშინაც კი, როცა სულ გძინავს.

არ გამაღვიძო, ძალიან გთხოვ, არ გამაღვიძო.

მომიწექი. დაიძინე ჩემთან ერთად.

ჩამეხუტე და დაიძინე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<