როგორ მშურს მისი, როგორ მშურს მისი,
ვინც შენ მოგწყვიტა და დაგიჩემა...
ვიცი, თავისი მგელმაც კი იცის,
მგელმაც კი იცის, ლეკვის მიჩვევა...
ასე მგონია, მაინც მეძახი,
მაინც წარმოთქვამ ჩუმად ჩემ სახელს,
ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ ავცდი,
შენი მკერდისგან დაგებულ მახეს.
და თუ უშენოდ დღეებს მივათრევ,
ზოგჯერ სუფთას და ზოგჯერ ცოდვიანს,
მე სუფთა დღეებს შენს სახელს ვარქმევ,
ცოდვილთ კი ჩემი სახელი ჰქვია...
ჰო, რაც შენ გნახე, ასე მგონია,
რომ ეშაფოტზე მომკვეთეს თავი,
და რომ შენამდე ვინც კი მყოლია,
უბრალოდ, იყო ყველა მეძავი...
რა ვთქვა, არც ვიცი, ვერ გამიგია,
რად მანადგურებს შენი სიწმინდე,
ვხვდები, რომ რაღაც ვერ გამითვლია,
რაც თავგანწირვად უნდა მიღირდეს...
ვინ იცის, იქნებ თვალი მატყუებს,
იქნებ არცა ხარ ასე ლამაზი,
და რადგან სხვებმა დაგისაკუთრეს,
ამაზე მომდის, უბრალოდ, ბრაზი... |