აგვისტოს სუნით და ხვატით სავსეს მე ისევ მოგწერ ბარათს შორიდან, მერე, უშენოდ რომ ვეღარ გავძლებ, მოვალ და დილის მზის სხივს მოგიტან... ან ჩამოგიხმობ სიონ-ორხევში, ყველა წყაროს და ბილიკს გასწავლი, სულ გიერთგულებ, თავს განაცვალებ და არ შეგრისხავ მედეასავით... შემოგატარებ ერწო-თიანეთს, ლიშო-არტანს და სხლოვანის ხევებს, თვით შევიმოსავ ქათქათა ფარჩას და გამოვიხმობ ზღაპრიდან დევებს... და დაიწყება მერე თავიდან ფშავში ბუხრისპირს თქმული ამბები, მე შევუყვები მოჩითულ ფერდობს, ივრის ფშანებში დაგეკარგები... ვიხეტიალებ ატეხილ ტყეში, სოფლის სიავის თვალით მნახავი, კონკიასავით ფეხშიშველი და თვალდავსებული მზეთუნახავი... და თუ მიპოვი, სულ ლექსად გეტყვი, სულს ტკივილები როგორ აწვიმდა, შენ დამიკოცნე თვალები დღეს და აღარასოდეს აღარ ამტკივა... მე გიმასპინძლებ სიონ-ორხევში, ყველა წყაროს და ბილიკს გასწავლი, ო, ვერ დაგწყევლი “უსიყვარულოდ”, ვერც გაგიმეტებ მედეასავით.. |