ნისლი ძაღლივით გადახრავს ფერდობს,
მე უშენობა შიგნიდან შემჭამს-
ჩაყვება ნერვებს თხემიდან ტერფის
ძირამდე, სისხლში გაჟონილ ეჭვით_ რომ ახლა ვიწრო ოთახის კედლებს,
მარტოდ მდგარ სკამზე წიგნების გროვას,
სულ აღარ ახსოვს წვიმების ნედლი
თითები, როგორ შრებოდა გულის
პირამდე ასულ აგვისტოს ხვატში
და ჩვენს ოცნებებს სიზმრებში ფენდა:
წითელი... ლურჯი... ყვითელი... შავი...
მერე კი დღეებს სულ უფრო ლეგა
ეპარებოდა ფერები. მკაცრი
ხდებოდა უცებ უშენო ღამეც...
მინდოდა მზიან ასფალტზე ცარცით
მეყვირა შენი სახელი, სანამ
არ გადამშლიდა უეცრად წვიმა,
როგორც შენი ხმით ნაფერებ დღეებს,
როცა ჩვენს შორის ყველაზე მცირე
იყო მანძილი და მხოლოდ ღმერთი,
ჩვენს თვალებს შუა ღიმილით იდგა...
ახლა მკერდთან მწვავს ყინულის სახრით,
სანამ უშენო ღამეებს ვითმენ,
სანამ სიჩუმე ბოლომდე დამხრავს.