siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-16 - 10:44 AM    
siyvaruli.in
თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები,
დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა,
ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები
და მინდა სასხლეტი მოვქაჩო დამბაჩას.

უაზრო წამებით ერთია ღამისკენ,
უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას,
გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე,
საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა.

სიცოცხლით დაღლილი თუ ხვდება სამოთხეს,
მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა,
გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს,
ძაღლივით დავრჩები მარყუჟის ამარა.

ოპტიმიზმს შევმატებ სიცოცხლის არშიას,
აღარ მსურს დამბაჩის სასხლეტი დამისხლტეს,
სიკვდილი რატომღაც ყოველთვის ფარსია
და სწორედ ამიტომ სიცოცხლე გავრისკე.

წრე-წირი

საათის სამი,
ღამეა და ვარსკვლავი ცაზე,
მახლავს ოცნება დილაზე და ამინდზე მზიან,
სადღაც სიკვდილი ალიონზე იწყება ასე,
იწყება ასე,
ლაკონურად,
მთავრდება გვიან.

დაწვება მკლავზე კისერი და ნაწნავი შენი,
თვალის გუგაში აირია პალიტრა ფერთა,
შესამჩნევია ყველასათვის,
რომ ჩემი სენი
და შენი მზერა,
ორივენი იზრდება ერთად.

ფიქრები მზრდიდა,
მოვიშორე რაც მქონდა ძველი,
შუბლზე,
მუცელზე
და ორივე მხარზე გაქვს ხალი,
ლოცულობ დიდ ხანს,
მუხლებზე კი მოგიჩანს ძვლები...

ქალი გბადებს
და სამოთხეშიც გაცილებს ქალი.

უფალო...

"უფალო შეგვიწყალენ"...
თვალებზე ფარდა ჩამოვიფარე,
ანუ დავხუჭე,
ხატს გაუბედავად ვემთხვიე
და არ ცოდნილი ლოცვა სამჯერ წავიკითხე...

ცოდვებს ვერ ვუთავდები,
არც კი ვიცი ჩავწერო რაში,
ნაბიჯებს ყოველთვის საშიშს,
არ გადავდგამ... ძალა მომეცი ღმერთო,
ძალა მომეცი, რომ ჩემი სული ეშმაკს არ ენდოს,
რომ ამ დაღლილმა თითებმა - სამების -
შეეხოს ჯერ შუბლს, მერე მუცელს, და ორივე მხარს,
რიგრიგობით რათქმა უნდა და ყოველთვის მარჯვნიდან მარცხნივ
და ისევ თავიდან კიდევ ორჯერ...

რომ ეს ბიბლია ხელში არ დამიმძიმდეს, საკუთარი სულივით,
რომ ეს თეთრი სიბნელე,
სიბნელედ მეჩვენებოდეს და თავის დაღწევას ვლამობდე...
და კიდევ ბევრი "რომ ეს"...
არა მარტო მე უფალო,
არამედ ყველა შეიფარე, ყველას გვწყალობდე,
რამეთუ შენ ხარ ის წერტილი,
რომელიც ყოველი მოთხრობის,
ლექსის,
წიგნის ბოლოს არის ხოლმე...
რომელსაც შეიცავს როგორც სამწერტილი,
ასევე წერტილმძიმე და
ყველა სასვენი ნიშანი, გარდა მძიმის,
იმიტომ რომ მძიმე ისედაც ძნელი სათრევია,
თუმცა მძიმე იყო ის ჯვარიც...
მძიმეა ყოველი ჩვენი დღეც...
მძიმეა ეს სიტყვებიც...
მძიმეა უფალო უშენოდ...
და სად ხარ უფალო... და სად ხარ უფალო...
"რომელიც ხარ ცათა შინა".


ნინო დოლიძეს

სადღაც ღამეა, სადღაც ქარი დაქრის ორპირი,
თვალებს გინაბავს მთქნარება და შენაც ნებდები,
სულში სურვილი გაგეზარდა - შუბლზე კოპივით,
როცა ჩავიდა მზე და... მთვარემ შავი კედები -

ჩაიცვა... მერე? ვარსკვლავების მარათონია,
შენ კი უყურებ და თვალებით ფიქრობ არაფერს,
სურვილს მიყავხარ მომენტამდე, რაც არ გქონია,
ფანჯრის მიღმა კი უსაშველოდ ხარობს კანაფი.

და პეპლის ბადით დაიჭირო, ცდილობ ვარსკვლავი,
თვალებს - ცრემლები, ხელებს ცხელი ჩაი გისველებს,
თუნდაც მოთმენა არ იცოდე ღამე გასწავლის,
თუნდაც მოთმენა არ იცოდე, ითმენ ისევე.

შენ ბავშვობიდან ახდენილი გშვენის სურვილი,
დგახარ არსად და ოცნებების გქვია ბაქანი,
ამ ავტობუსით (შენ რომ მოგწონს) განა სულ ივლი?!
არა! ხვალიდან გააგრძელებ მამის მანქანით.

პარიზი. ვერსალი

პარიზი.
ვერსალი.
სიჩუმის ბუნაგი,
მკლავებში თმებია,
"პომადა" კისერში,
დაორთქლილ ვნებაში -
წყურვილი მსუნაგი,
წყურვილში -
დამხრჩვალი ფიქრების გიშერი.

ვშორდებით ერთმანეთს,
ტირიხარ ბავშვივით,
მე თითქოს გულქვა და ამავ დროს ამურით,
იოგებს ვძაბავ და კანკალით -
დამშვიდდი!...
პარიზი.
ვერსალი.
ცრემლების ხმაური.

მდინარე გვიქადის დახრჩობის მისიებს,
კრძალული ჟინი და კახპობა მადამთა
ხიბლავდა ვიღაცა პარიზელ მისიეს...
პარიზი.
ვერსალი.
სამოთხე დამთავრდა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<