მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს, მოსწყენია საწყალს ცაზე, უიმედოს, ფერმილეულს.
არ შევნატრი ყომრალ ღრუბელს, ცას რომ ფარავს ფრთა-ტივტივა,
ასტკივდება ხოლმე გული და ცრემლები სცვივა, სცვივა.
მე ზღვის ტალღას არ შევნატრი, კლდის ნაპრალს რომ ეტმასნება.
მას ხომ გული აღარა აქვს, აღარა აქვს ცეცხლის ვნება.
მიყვარს მარტო ქარიშხალი თვალუწვდენელ ზღვიდან ზღვამდე,
ზღვიდან ზღვამდე, ციდან ცამდე თავისუფლად მონავარდე!
მიყვარს მისი ნანგრევებზე ახალ გრძნობით შვება-ლხენა,
მასში სცოცხლობს ფიქრთა ჩემთა იდუმალი აღმაფრენა!