|
ჩემი მისამართი - სანაპირო დროის სამაჯური - "ორიენტი", გუშინ უღმერთობა დავაპირე, მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი.
ჰობი - უშენობის დასასრული, მახსოვს დიდი ხანი ვიგონებდი, ფიქრი - არეული... და სასულე სულ მთლად გაჭედილი სტრიქონებით.
ჩემი სავარჯიშო - პითაგორა, ჩემი უნიჭობა - აქსიომა, სახლთან სულის ბორბალს მივაგორებ დღესაც, ალკოჰოლის მაქსიმუმით.
ჩემი ორეული - პოეტია და სხვა სამოსი არც მაბადია, დაბადებისწუთისმომენტიდან, შენში გავიღვიძე... მაპატიე.
არა, უღმერთობა არ ივარგებს, შენ კი ლექსებისთვის არ გცხელა და წუხელ სხეულიდან ავიბარგე, პირჯვარს ვისახავდი მარცხენათი.
ჰოდა, ჩემი წლების- პოეზია, უნდა გადავცურო (ვფიქრობ) ტივით - შენი ოკეანე... პროგრესია... მასში უსუსური მიკრობივით -
ვრჩები. კარს მიხურავს შვეიცარი... მრჩება გასართობად - საქანელა, ჩემივ გაოცება შევიცანი, შენ რომ შემოიცვი დაქალება.
გრძნობის სისხლძარღვები - ი-ჟენშენი, ცნება - არაფერი არ გამომდის, შენ კი ცხოვრობ ახლაც ისევ შენი, ამოჩემებული სამყაროთი.
გუშინ უღმერთობა შევინახე, მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი, ჩვენი მისამართი - ჩვენი სახლი დროის სამაჯური - „ორიენტი“..... |