თავგანწირულად მინდორ-ველად
მიმაფრენს ცხენი.
გაზაფხულია... სიო დაჰქრის
კიდითი კიდე;
მზე სხივებს აფრქვევს ქვეყანაზე
შვების მომფენი,
არე-მიდამოს ღვთაებრივი
ატკბობს სიმშვიდე.
ამ სიმშვიდეში მე ვერ ვპოვე
ვერც სიტკბოება,
ვერც რამ ისეთი სასიცოცხლო
და სანეტარო.
დაჰქროლე, ქარო! მე არ მიყვარს
ეგ მყუდროება,
მე ქარიშხალთან შებმა მინდა...
დაჰქროლე, ქარო! |