იასამანთა გროვად გროვდება
გულში ვედრების ზღვა ნელი-ნელი,
როცა ერთმანეთს უახლოვდება
მყუდრო საღამო და ღამე ბნელი.
განწმენდის შუქი სულს ეფარება,
როდესაც პანი დაქრის ტყე-ველად
და ღამე სწრაფად მიეჩქარება
დღის ელვარების მოსახვეველად.
და აი, ფერთა შეზავებაში
როცა შურივით იძვრის ოცნება,
ასე გადადის უკვდავებაში
სივრცე, დუმილი და გაოცება.
ასე, ნელობა ზაფხულის ველის
და ქარიშხალთა ცივი შვენება
მწვავს, როს გოიას და ბოტიჩელის
სხვადასხვა ლანდი მომეჩვენება.
სულ სხვაა მძლავრი გუგუნი ზარის
და მზის სხივებზე დამჭკნარი ია,
დემონი - იჭვით სავსე მხატვარის
და სეგანტინის Ave Maria. |