|
მე პაემანზე ჩავიცმევ კაბას სიმწვანით გაშლილს, შავ თმაში ჩავწნი ულამაზეს სისხლისფერ ვარდებს, მერე გონება შეხვედრამდე ფიქრებად გამშლის, ჩამიბნევს სულში ემოციით მოწოლილ სათქმელს. დავიჭერ ჩანთას, ვერცხლისფერად შევფერავ თასმას, და მერე თუნდაც შემომხედოს ათასმა, ასმა, სუნამოს სუნით გაცხელებულ საკინძეს გავხსნი, დავემსგავსები აფროდიტეს მომხიბვლელ აჩრდილს. ყელს დავამშვენებ თოვლისფერად ელვარე შარფით, აცახცახდება ის ცისფერი თეძოზე ღილი, დაჭიმავს ბაგეს ვნებიანი დაჭიმვით საცხი, და სილამაზე იმ ქუჩებს დახვრეტს სადაც ჩავივლი... და ამ მაცდური მოლანდებით მე მოვალ შენთან, მე მოვალ შენთან ვით სილაღით გავსილი ქალი, შეუმჩნეველი მონატრებით დავსხდებით ერთად, დავსხდებით ერთად იმ იდუმალ ამურულ ღამით. შეუდგებიან გაუმხელელ გრძნობებზე ცეკვას ფოთლები ქუჩის, მერე შენ მეტყვი მიამბეო რაც გიდევს გულში... და მე დავიწყებ ისტორიის მოყოლას მორცხვად, მერე ნელ-ნელა სავსე სირჩით კონიაკს მოვსვამ! და გეტყვი ასე: ეს შეფერვა სხვადასხვა ფერთა, შემთხვევითობა არ არის სულაც, ჩემი ცხოვრებით შევიმოსე ტანთა და ფეხთა, წელიწადები მაცვია მხურავს... გეტყვი გაშლილი მწვანედ კაბა ჩემი სულია, რომელსაც დღემდე აყვავება ძლიერ სწყურია, დაღვრილი სისხლად ამ შავ თმაში ჩაწნილი ვარდი ამ ცხოვრებისგან ნაბოძები სევდით და დარდით... ვერცხლისფერად მბზინავი თასმა კარგო მერმისში გაჩენილი ჩემი ჭაღარა სიჭაბუკემ რომ გიშრისფერი ფერით ატარა. საცხის ლივლივი ბნელ ოთახში შეჭრილი სხივი, ლექსისფერია მოცახცახე ცისფერად ღილი... და თოვლისფერი ყელზე შარფი გამჭირვალობა უბიწოების, სუნამოს სუნი აფეთქება ნუშის რტოების... ამ ისტორიას მოგიყვები, შემამჩნევ სევდას, მეტყვი: ძვირფასო! პაემანი პირველი შედგა... |