ყოველთვის მგონია, გადიფრენს ყორანი
და სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში,
თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი
წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი).
ყოველთვის მგონია, ჩემს სახელს ნაცნობი
აჩრდილი თან დასდევს სისხლიან ხელებით,
უცნობებს ეძახის ფარული ხველებით
და მე კი თვალს მიხვევს ალერსით და ძმობით.
ყოველთვის მგონია, რომ სცივათ ნაპრალებს
და როცა ბნელ ღამით ბინაში ვბრუნდებით.
ის მიცდის კარებთან მათხოვარ-ქურდებით,
ტირილით წარსულში ვიღაცას მაბრალებს. |