ვერსად წაუვალ მღვრიე სიმარტოვეს და ვიცი სიჩუმე კლანჭებში მომიქცევს, მე ხომ სიყვარული დროებით მათხოვეს უკან დაბრუნებაც სულ მალე მომიწევს.
ასე რომ გარშემო მოწყენა გროვდება და ჩემკენ მწუხარე პეპელა ფარფატებს
მინახავს ყვავილი ყვავილზე თხოვდება,მაგრამ ეს ქორწილი გაზაფხულს არ ბადებს.
დავკარგე ფერების გარჩევის უნარი, რადგან სულერთია რამდენფრად გათენდა,
გულს თითოოროლა შემომრჩა სტუმარი ერთ დროს რომ სუფრასთან განცდებს ვერ ატევდა.
ოთახში მუსიკა ხმამაღლა შემოდის ყვირილით, ხმაურით, ნასვამი კაცივით.
სული კი მსგავსია ამოყრილ ჩემოდნის, სული არეული სამყაროს ნაწილი.
არ ვტირი, უბრალოდ ცრემლები მომდიან, დიდია ეს ჩემი ხმის დიაპაზონი,
ქალებო, სარკის წინ მოვაწყოთ ორგია,გავხდეთ მახინჯები და ულამაზონი.
ასეთი ფიქრებით გამერყვნა გონება, წამით გავიფიქრე მარკიზ დე სადივით,
ნუთუ მე ოდესმე ცოლი მეყოლება, რომელსაც სურნელი ექნება სადილის.
არა და რა მინდა თვითონაც არ ვიცი: გაქცევა, ხალხი თუ მღვრიე სიმარტოვე,
ვიდგები შენ წინ და იმდენ ხანს დავიცდი,სანამ სიყვარული დამრჩება მარტო მე.
თუ წახვალ ძვირფასო ჩემი სიზმარიდან და ვინმეს მაგ მაღალ კისერს მიატოლებ
ვიდგები აქ, როგორც მაისის ქარი და სურნელი, სურნელი, სურნელი დატოვე !