დაეშვა თოვლი, ფრინველი ლიბრი,
ბოლოდაწყობილ ფრთების ჭაღარით
და ჩონჩხებიან ხეების ჯიბრი
დაფარა ნაბდით ნაყაჩაღარით.
რა სულიერიც არის ეს ქარი,
ვიცით, მოგვწყინდა ბაიათები!
გარეთ ატლასთა არტყია ჯარი,
შიგნით შავი აქვს გულის ნადები.
ქუჩა სიავის გრძნობამ შეფიფქა -
თან მეფიცება ძმობას და დობას
და ყორანივით უცნობის სკრიპკა
ჩემს მხართან ტირის უამინდობას.
კარგია ძილი რკინაზე მძიმე!
ან უცხოეთში უგზოდ დაკარგვა!
კარგია თოვლი, კარგია წვიმა,
მაგრამ, უცნობო, შენ რა დაგარქვა?
და, როგორც ყორანს დააქვს ბრჭყალებით
ჰაერში ნაზი ხელები ქალის, -
სიმები სწეწენ შეუწყალებით
ამ გაგიჟებას, ვედრებას, ხალისს.
წყებათ დალეწილ ზარების დარდი,
დაღლილ ცხენების სუნთქვა და შური,
მე, ნოემბერი და პეტროგრადი -
ასეთი კარგი და უდაბური.
და მარტოობამ სხვა ქადაგებით
გაიგო ჩემი: ვარ გაძარცული!
ამ უცხო ნისლის ბარიკადები
მე მიყვარს, როგორც ჩემი წარსული.
ათოვს გამვლელებს და გულცივ ბაღებს,
სად უნდა ნახო აქ თავის თავი?
ვიღაცა დაჰქრის და ცეცხლს აჩაღებს,
მეც ყაჩაღივით ვარ გამბედავი.
მაინც სად გაქრა ეს წერეთელი,
ჩხეიძეც გაქრა, როგორც ასეთი!
ვიყავი ჩემთვის, ახლა - წერტილი;
სიკვდილი ერთი და უცაბედი.
და როცა ცეცხლში ქანაობს ლავრა,
ბრმების თუნუქებს ტეხენ ლოთები,
ლავრაში ლოცვა ვერ დავამთავრე
და კალუგისკენ გზებს ველოდები.
თან ასე ვფიქრობ: ეს ბავშვი სტირის!
მე კი, რადგანაც გამძარცვეს გუშინ,
გავყიდი გაზეთს, გავყიდი ირისს,
ანდა რევოლვერს დავიცლი გულში!