აჰა ის კუთხე, ის არე-მარე,
სადაც ოცნება გვირგვინებს ჰქმნიდა,
სად სიყმაწვილე, სწრაფი ვით ტალღა,
ვით ტალღა სწრაფი, გაჰქრა, წავიდა.
აჰა, ის მთები, ცად აზიდულნი,
მუდმივი თოვლით მოსილი მთები.
წავიდა გაჰქრა სულ-ყველაფერი,
როგორც ზვირთები, როგორც ზვირთები!
აი ტყე, სადაც ვხეტიალობდი
მთის ნიავივით თავისუფალი...
სადაც ყმაწვილურ აღტაცებაში
ხარობდა გული, ხარობდა თვალი!
რას აქნევს სული თავისუფალი
საქართველოსას დრტვინვას უმიზნოს,
დღეს მშვენიერი თავისუფლება
იქ არვის ძალუძს იგრძნოს და იცნოს.
ბედო, წაიღე, რაც მოგიცია,
წაიღე კაცთა პატივისცემა,
წაიღე ჩემი მგოსნის გვირგვინი,
ყმაწვილთა ოხვრა და ქალთა კდემა,
წაიღე ყველა, მე არ ვინანებ,
რაგინდ საშინელ ცეცხლში ვდნებოდე,
მე ამ მონებში ცხოვრება არ მსურს,
არ მსურს რომ მათში მეც ვითვლებოდე.
გთხოვ, დამიბრუნო ჩემი სამშობლო,
სადაც მალხენდა ოცნება ყრმობის,
სადაც არ ვგრძნობდი, თუ რას ნიშნავდა
ფიქრი სირცხვილის, ფიქრი მონობის.
სადაც ფრთა-სუბუქ ღამის სიოსთან
შემეძლო ფიქრის წრფელად განდობა,
ოჰ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო,
ჩემი სპეტაკი ახალგაზრდობა! |