სარკმელთან ვდგევარ, მალე, სულ მალე
სევდიან ჰანგებს დავუგდებ მე ყურს;
მოვა მოხუცი ძალ-მილეული
და ააკვნესებს ჩემს კართან ფანდურს.
გადიფრენს თვალწინ ძველი ოცნება
შეიკუმშება მღელვარე გული,
რომ არას დროს არ განმეორდება
დრო ბედნიერი, დრო დაკარგული.
ამ საშინელი მარტოობის გზას
სამარისაკენ მიმავალ გზამდე
გავყვები დაფნით და ყვავილებით...
მაგრამ როდემდის, მაგრამ სანამდე?
სარკმელთან ვდგევარ... მალე, სულ მალე,
სევდიან ჰანგებს დავუგდებ მე ყურს!
მოვა მოხუცი ძალ-მილეული
და ააკვნესებს ჩემს კართან ფანდურს! |