რად მინდა იგი, ჩემო პირიმზე,
ჩემის ჰანგით თუ ვერ დაგაღონებ?
რად მინდა ქნარი, თუ იმის ხმაში
სამოთხის ჰანგებს ვერ გაგაგონებ?
ან რად მიტაცებს კარგი ოცნება
და გულს ალერსის წყურვილით ავსებს?
თუ ეს ოცნება დაუღალავი
შენც ჩემთან ერთად ვერ გაგიტაცებს?
გული სავსეა წყნარი სიმღერით,
სულში ვარსკვლავი ბედის გაბრწყინდა,
ვმღერი, ვით არვის არ უმღერია,
წყურვილსაც მოვკლავ... მაგრამ რად მინდა? |