გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები,
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
"ნუ იხედები... ნუ იხედები!”
გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი.
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
"შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა.
გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი, ყველაფრის მქნელ-გარდამქნელი,
სივრცე, ყველაფრის მიმტევებელი. |