შეხედე, როგორ არის ჩასკვნილი
ამ მთების ჩრდილი და ჩაის ჭალა.
ჩამავალ მზეთა უკანასკნელი
და სისხლიანი გზა ჩაიშალა.
ჩემი გულია: მშვენიერ მაისს
ხვეწნად მუხლებში რომ ვუვარდები,
სიმღერა ჩაის, სიცოცხლე ჩაის
და უყვითლესი ჩაის ვარდები.
რა არის ნეტავ ქვეყნად მისთანა,
რომ გამიცივოს გული მისდამი,
მიჩვენოს სადმე აჭარისთანა -
სხვა რომელიმე კუთხე ახალი.
ახალგაზრდობის დღე, საიდანაც
ჩემგან პირველად ზღვაა ნახული,
მიჩვენეთ სადმე ზღვა ამისთანა,
ან მთები ზღვაზე გადასახული.
ჩაის მინდვრების თვალის გახელას
ეკუთვნის ჩემი ძახილი: ვაშა!
ჩემი კალამი, მზე, მაჭახელა,
"ხასანბეგურა” და "ალიფაშა”. |