|
შეხედე,
იაგო!
განა არ გეცოდება ეს ხალხი?
ხალხი, რომელიც ბრბოა და ერთმანეთის აზრს აყოლილი,
ბრბო, რომლისთვისაც მთავარი სხვისი შეხედულებაა...
შეხედე, იაგო!
როგორ შეიძლება არ შეგეცოდოს, ამდენი სულელი,
რომლებიც ვერც კი ხვდებიან როგორ აყენებენ თავს ზიანს,
ისინი ხომ მუდმივად წუწუნებენ იმაზე, რაც აქვთ,
და უფრო მეტად ტირიან მაშინ,
როდესაც ამასაც კარგავენ.
დააკვირდი, იაგო!
როგორ ჭორაობს ბოღმით სავსე ერთი მეზობელი მეორეზე,
მხოლოდ იმიტომ, რომ ის მდიდარია...
და წარმოიდგინე როგორ გააკრიტიკებდა მას,
ამ სიმდიდრის უქონლობის შემთხვევაში...
შეხედე, იაგო!
ამ ქალბატონს ღარიბის დახმარება უნდა,
ნელ-ნელა იღებს ფულს საფულიდან და აქეთ-იქით იცქირება...
წამოდი, ვუთხრათ რომ უკვე შეამჩნიეს მისი სიკეთე
და შეუძლია გასცეს მოწყალება...
განა ეს დახმარებაა?
შეხედე, იაგო!
კარგად დაუკვირდი ამ ჩიბუხიან კაცს,
რომელიც თავისმა ძველმა ნაცნობმა გაქურდა,
ძნელია არა?
არადა, მას მუდამ ასეთ ხალხთან ურთიერთობა ერჩივნა,
მათ ფონზე ხომ ყოველთვის პატიოსანი ჩანდა...
აბა, დაფიქრდი იაგო,
როგორ შეიძლება უყურო ამ ხალხს და
ისინი არ შეგეცოდონ,
მითხარი, რომ შენც გებრალებიან ისინი!
ვურჩიოთ რამე?
არა, იაგო! ჩვენც ხომ ზუსტად ასეთები ვართ
და ახლა ჩვენ საკუთარი თავი გვეცოდება. |