I
ობოლ ფოთლებს, ნაზ ყვავილებს
ქარიშხალი თავზე ივლებს;
კორდი კდემით თვალებს ნაბავს,
მორცხვად თავს ხრის, სუნთქვას სძაფავს.
ტანთ-გახდილი და შიშველი
მთას შესჩივის: "ვერ მიშველი?”
ვიღაც კვნესის, ვიღაც ჰკვდება,
ვიღაც ნისლში ინაკვთება.
II
მოწყენილია მიდამო, თეთრი
ნისლის ზღვა მინდორს გადაეფინა.
გადმოიშალა სიცივე მკვეთრი,
ჩემს არსებაში იპოვა ბინა.
მომბეზრდა ყოფნა... სულს შეეთვისა
აზრი: დაფარვა ქარიშხლის ფიფქით,
ვით ყრუ ძახილი უკვდავებისა
დროთ საზღვარს იქით, დროთ საზღვარს იქით! |