კაფეში შევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდა ვიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).
შენს სადღეგრძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვსვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.
და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს. |