ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, -
ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით?
კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი
და შემოდგომის მკრთალი ბლონდები?
მე, უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები.
თქვენთან რბიოდნენ ნათელნი დღენი,
ლოცვა ბავშვური, ფერი გედური,
ახლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური?
1917 |