წაკითხულ წიგნთა საღამოის მსუბუქი ბინდი
არეებს მშვიდად, უდარდელად კვლავ ეფარება,
მდინარეთ ლურჯი, ქაფიანი და მძიმე ზვირთი
შავი ზღვისა და კასპიისკენ მიეჩქარება.
ასეთ ფერებში შეერია მთების კალთები
და სიბნელეში აიმართნენ ბასრი კლდეები,
დაიმსხვრა სადღაც იმედები და ხომალდები,
შთაინთქნენ მაღალ კუბოებში ცის კიდეები.
მაგრამ უეცრად ყვავილივით გაიხსნა მთვარე;
საამო, ნაზი, უხავერდო უვნებელი.
ჯერ დააგუბა თეთრ ღრუბლებში იების ღვარი
და გადაღვარა, ვით სირიის ნელსაცხებელი.
წითელი, თეთრი და ყვითელი ფერების ტვირთით
ერატოს დარად გაფითრება და მდუმარება,
მდინარეთ ლურჯი ქაფიანი და მძიმე ზვირთი
შავი ზღვისა და კასპიისკენ მიეჩქარება. |