|
"მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩემთვის!” – ეს გამონათქვამი ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი. როგორ გგონიათ, რა ჰქონდათ მხედველობაში ძველ მოაზროვნეებს? ალბათ, ემოციები და აღტკინება, ქვენა გრძნობები და ვნებები. ეს უნიკალური თვისებებია, მათ ცხოველურ სამყაროში ვერ მოიძიებთ. ადამიანური არსებობის დრამატულობა სწორედ რომ "ვნებებით თრობაში” ვლინდება და უმთავრესი მათ შორის სიყვარულია… კაცობრიობა ერთ დღესაც ვერ იცხოვრებს მის გარეშე…
სიყვარულის საზოგადოდ მიღებული განმარტება, ისევე როგორც მრავალი ფილოსოფიურ-ეთიკური კატეგორიისა, არ არსებობს. სიყვარული სიკეთისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვაში გამოვლენილი უზოგადესი პრინციპია – თვლიდა პლატონი და სწორედ მან აამაღლა სიყვარულის ცნება ფილოსოფიური განსჯის დონემდე. პლატონმა სიყვარულის სახეების იერარქია შემოგვთავაზა: უმდაბლესი დონე – ფიზიკური სიამოვნების მიღებაა (ეს დონე, მისი აზრით, შეუფერებელია ადამიანისათვის, განცხრომა და სიტკბოება, რომლისკენაც ასე მიილტვის ადამიანი, დათრგუნვას საჭიროებს); შემდეგი საფეხური ფიზიკური სილამაზის კონკრეტული ნიმუშისადმი სიყვარულია, ამას წმინდა სილამაზისადმი სიყვარული მოსდევს და, ბოლოს, აღაპე (ძმური სიყვარული); აგრეთვე, არსებობს სიბრძნისადმი სიყვარული, რომელიც, ისევე როგორც რელიგიური განცდები, შესაძლებლობას იძლევა ჩავწვდეთ და შევიცნოთ აბსოლუტური ჭეშმრიტება.
არისტოტელე მიიჩნევდა, რომ სხეულის განცხრომა, ხორციელი სიტკბოება მაინც სიკეთეა. მართალია, სიყვარულის საფუძველი სექსუალური გრძნობაა, თუმცა მისი დაყვანა მარტოოდენ სექსუალურ ლტოლვაზე არ შეიძლება. სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, სულთა კავშირი, პიროვნების თვითგამომჟღავნებისა და თვითდამკვიდრების საშუალება უნდა იყოს. ძველი ბერძნები ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ სიყვარულის სხვადასხვა სახეს: ეროსი, გაღმერთებული ეროსი – ეროტი, სიყვარული – ვნება, სიყვარული, როგორც თავისუფალი ლტოლვა. ეროსი – თავდაპირველად, ადამიანური ვნება, ადამიანის სიღრმისეული, ძლიერი სექსუალური ლტოლვა; ძველბერძნულ მითოლოგიაში – სიყვარულის ღმერთი.
უკვე ჰომეროსთან გვხვდება სიტყვა "ეროსი”, მაგრამ იხმარება არა როგორც ღმერთის სახელი, არამედ როგორც "სურვილის” აღმნიშვნელი არსებითი სახელი. სოფოკლეს "ანტიგონეში” ეროსი გვევლინება დამანგრეველი ძალის მქონე, დაუმარცხებელ ღმერთად.
მითოლოგიაში ეროსს შთამომავლობა არ ჰყავს, ღმერთების გამრავლებაში არ მონაწილეობს, მაგრამ მის ნებას წინ მაინც ვერავინ აღუდგება – ვერც ღმერთები და ვერც ადამიანები. ეროსს შეუძლია ღმერთებისა და ადამიანების გონება საკუთარ ნებას დაუმორჩილოს, მას ძალა შესწევს გააგიჟოს თავისი მსხვერპლი, სიკეთე ბოროტებად მოაჩვენოს. პლატონი დიალოგში "ნადიმი” მოგვითხრობს, რომ უძველეს დროში ადამიანები ცხოვრობდნენ როგორც უკვდავი ჰერმოფროდიტები, ანუ მათ სქესი არ ქონდათ. ზევსმა დასაჯა ისინი და ორ საწყისად გაყო. ამდენად, ეროსი მასთან გაგებულია, როგორც აუტანელი მოლოდინი იმ მთლიანობის აღდგენისა, რომელიც ადამიანებს ადრე ჰქონდათ; როგორც სასიკვდილოდ განწირული ადამიანების დაუოკებელი სწრაფვა შთამომავლობაში მოიპოვონ უკვდავება; როგორც დაბადება სილამაზეში.
სქესის წარმოშობა თავდაპირველი ერთიანი და ძლიერი ბუნების დარღვევაა ადამიანში. რას ემსახურება სქესობრივი ცხოვრების ცენტრალური ფენომენი, სქესობრივი ლტოლვა და რა მოიაზრება მასში? პლატონი გვთავაზობს შემდეგ მითოლოგემას: ერთ დროს ადამიანები იყოფოდნენ არა ორი სქესის, არამედ სამი სქესის მიხედვით – მამრობითი, მდედრობითი და ე.წ. მესამე სქესი, რომელიც ერთ არსებაში აერთიანებდა ორივე სქესისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. ეს უკანასკნელნი წარმოადგენდნენ ჭეშმარიტ ანდროგინებს (ბერძ. – ორსქესა არსება). ადამიანებმა ღმერთების დამხობა განიზრახეს. განრისხებულმა ღმერთებმა დასაჯეს ისინი – თითოეული ინდივიდი შუაზე გაყვეს, რის შედეგადაც ყოველი მათგანი სქესობრივად ნაკლული აღმოჩნდა. სწორედ ამით არის განპირობებული ადამიანის დაუოკებელი სწრაფვა იპოვოს თავისი ნახევარი და აღადგინოს ოდესღაც დაკარგული მთლიანობა. ეს სწრაფვა წარმოადგენს ეროსის, სქესობრივი სიყვარულის გამოხატულებას. ამ მითის საფუძველზე პლატონი გვიხსნის არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთმანეთისადმი სექსუალურ ლტოლვას, არამედ სქესობრივი ცხოვრების ჰომოსექსუალურ და ლესბოსურ გამოვლინებებსაც. ის ქალური და მამაკაცური ბუნების ინდივიდები, რომლებიც ანდროგინის გაყოფის შედეგად წარმოიშვნენ, ერთმანეთს ეძებენ და ერთმანეთისკენ მიილტვიან, რაც, თავის მხრივ, გამოხატულებას პოვებს მამაკაცისა და ქალის სიყვარულში. ის ინდივიდები, რომლებიც მდედრობითი სქესის არსებების გაყოფით წარმოიშვნენ, პირველსაწყისი მდგომარეობის აღსადგენად ერთმანეთისაკენ მიისწრფვიან და ლესბოსური სიყვარულის მიმდევრები ხდებიან. ხოლო მამკაცური სქესის არსებების გახლეჩილი ნაწილების ლტოლვა პირველქმნილი საწყისის აღსადგენად, ჰომოსექსუალურ სწრაფვას აძლევს სათავეს.
პლატონის აზრით, სქესობრივი მიმართების (ეროსის) საზრისი, არ ამოიწურება მხოლოდ ადამიანის ანდროგინული პირველსახის აღდგენით. ეროსი, სქესობრივი სიყვარული, არ დაიყვანება მხოლოდ ერთიანობისაკენ ლტოლვაზე. ეროსს სხვა მისიაც აქვს მინიჭებული. ადამიანი, პლატონის აზრით, ორ საწყისს აერთიანებს: მარადიული, ზეგრძნობადი იდეების მჭვრეტელი გონება და გრძნობად-სხეულებრივი საწყისი. ეროსიც ამ ორი საწყისის ზეგავლენას განიცდის და ამდენად მასში მჟღავნდება ორმხრივი სწრაფვა ადამიანის უკვდავებისაკენ. როგორც სხეულებრივ, მოკვდავ არსებას, ადამიანს უკვდავებასთან ზიარება მხოლოდ სხეულებრივი გარდასახვის გზით შეუძლია. ამისათვის კი აუცილებელია შთამომავლობის შექმნის მიზნით დედაკაცური და მამაკაცური არსებების შეერთება. შთამომავლობაში ადამიანი სხეულებრივ უკვდავებას მოიპოვებს. ამ უკვდავებას გზას უკაფავს ეროსის ერთი, მდაბალი ასპექტი. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, პლატონისათვის ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, გონითი არსებაა და სწორედ გონის უკვდავებაა მისთვის მთავარი და გადამწყვეტი. გონითი საწყისის უკვდავსაყოფად კი ადამიანმა თავისი ეროსის ძალა გონისაკენ უნდა მოაბრუნოს, გონითი შემოქმედების საშუალებით თაყვანი სცეს თავის შეყვარებულს. ლამაზი სხეულისაკენ ეროტიული ლტოლვა მან თანდათან უნდა აამაღლოს და მიმართოს სილამაზის სულ უფრო გონითი ფორმებისაკენ. მან უნდა იაროს სილამაზის გზით მანამ, სანამ არ მიადგება სილამაზის უმაღლეს საფეხურს – თვითონ წმინდა სილამაზეს. თუ ვინმეს, დასძენს პლატონი, მოუხდება იხილოს ეს უმაღლესი სილამაზე ადამიანის სხეულისა, ყოველგვარი ადამიანური ფერებისაგან თავისუფალი, ანუ წმინდა, ყოველგვარი შენარევების გარეშე არსებული სილამაზე, ის შეძლებს შექმნას, გონით დაბადოს სილამაზის ისეთი სრულყოფილი შედევრები, რომლებიც ადამიანის გონის უკვდავების ჭეშმარიტი საწინდარია.
მაშასადამე, ეროსი, სქესობრივი სიყვარული, პლატონის მიხედვით, ადამიანში მოქმედი ისეთი ლტოლვაა, რომელიც აკავშირებს, აერთიანებს სხვადასხვა სქესის ადამიანებს და ამით ხელს უწყობს მთლიანი ადამიანის აღდგენის პროცესს. ეროსი, ამავე დროს, არის თაობათა დამაკავშირებელი ხიდი, როგორც სხეულებრივი, ასევე გონითი უკვდავების მოპოვების საშუალება და სამყაროში სილამაზის განხორციელების აუცილებელი პირობა. მითები ადამიანური გრძნობების სიძლიერეზე მოგვითხრობენ. ამ დრომდე ვსაუბრობდით ადამიანებს შორის სიყვარულზე, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეროსი ბევრად უფრო ფართო ცნებაა. მითოლოგია მოგვითხრობს ღმერთებისა და ადამიანების სიყვარულზეც. უძველეს შუმერულ მითოლოგიაში გილგამეში ერთდროულად მიწიერ და ზეციურ არსებად არის წარმოდგენილი. ღმერთების ყურადღება სასიამოვნო უნდა ყოფილიყო ნახევარღმერთისათვის, იგი ხომ ქალღმერთ იშტარს შეუყვარდა უსაზღვროდ. მაგრამ გილგამეშმა უარყო მისი სიყვარული და სასწაულებრივ გადაურჩა შეურაცხყოფილი ქალღმერთის შურისძიებას.
ძველი ბერძნების უმაღლეს ღვთაებას ზევსს უამრავი შვილი ჰყავს, მათ შორის დედამიწის მკვიდრი ქალბატონებისგანაც. მეხისმტყორცნელის ოქროს ტახტის ქვეშ მეხი გრგვინავს. კლდის ორი ნაპრალიდან ზევსამდე მოკვდავთა ლოცვა, აღსარება და ერთგულების ფიცის ღაღადი აღწევს. ღმერთი ყურს უგდებს და გადაწყვეტილებებს იღებს. მაგრამ თავადაც საკმაოდ ხშირად ამჟღავნებს და ემორჩილება ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებს. მოეწონება მოკვდავი ქალი? უჩვეულოდ შემოსილი ზევსი მყისვე ტოვებს ოლიმპოს მთას და თავისი ვნების ობიექტს ეუფლება…
გარდაცვლილ სულთა სამეფოს ღმერთმა ჰადესმა ზევსისა და ნაყოფიერების ქალღმერთის დემეტრას ქალიშვილი მოიტაცა – პერსეფონე. ერთხელ იგი მინდორში ყვავილებს აგროვებდა და თან ცდილობდა ნარცისებისათვის არც კი შეეხედა, რადგან დედამ მკაცრად აუკრძალა მათი მოწყვეტა. გოგონას თვალი მაინც გაექცა და სიქათქათითა და სიდიდით გამორჩეული ნარცისი დაინახა, ცდუნებამ სძლია, ხელი გასწია ყვავილისაკენ და… უცებ, მიწა გაიხსნა, ჰადესის შავი ცხენებით შებმული ოთხთვალა ეტლი გამოჩნდა და პერსეფონე მიწისქვეშა სამეფოში აღმოჩნდა. მისი ღვთაებრივი სილამაზით ჰადესი დატყვევებულა, ეროსს მასზეც გამოუცდია თავისი ძალა. ძველი ეგვიპტური მისტერია: სეთმა, ბოროტმა ძალამ, თავისი ძმის, ღვთაებრივი ოსირისის დაღუპვა გადაწყვიტა. ნადიმზე მან დიდოსტატურად ნაჭედი კიდობანი გამოიტანა და მოტყუებით აიძულა ოსირისი შიგ ჩაწოლილიყო. სეთმა კიდობანი დახურა, დაჭედა, გამდნარი ტყვია ჩაასხა და ნილოსში შეაცურა. კიდობანმა იცურა და ფინიკიაში, ბიბლოსთან გაირიყა. იქ იგი თავისი ქერქით დაფარა მიწიდან ამოზრდილმა უზარმაზარმა ხემ, რომელიც ბიბლოსის მეფემ მოჭრა და თავისი სასახლის სვეტად გამოიყენა. ისიდა ყველგან ეძებდა ძმასა და მეუღლეს. ბოლოს იპოვა და მეფესაგან მისი სხეული გამოითხოვა. ქალღმერთმა დაბრუნებული კიდობანი ქალაქის კედელში დამალა, მაგრამ სეთმა მაინც მოახერხა მისი მალულად მოტაცება. მან ძმის სხეული 14 ნაწილად დაჭრა და მთელ ეგვიპტეში მიმოაბნია. ერთგულმა მეუღლემ, დიდი სიძნელეების გადალახვის შემდეგ, მოძებნა და შეაკავშირა საყვარელი ქმრის სხეულის ყველა ნაწილი.
ძველ ეგვიპტეში ორგიები ისიდას მსახურების კულტის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს მისტერია გასაგებს ხდიდა ყოველივეს: თეთრ სამოსელში გამოწყობილი ათი ქურუმი საკურთხევლის ცენტრში იყრიდა თავს. ორიც, ქალის ტანსაცმლით შემოსილი, ნეფთისსა და ისიდას განასახიერებდნენ, რომლებიც გულდათუთქულნი დასტიროდნენ ოსირისს… მისტერია გულისხმობდა დასაჭურისების რიტუალს – ისიდას ერთგული თაყვანისმცემლები ნებაყოფლობით იკოდებოდნენ, რამეთუ ეს სისხლიანი მსხვერპლი ღმერთის დანაწევრებულ სხეულზე მიანიშნებდათ.
კიდევ ერთი მისტერია, რომელიც ძაგრევსის (ბერძ. "დიდი მონადირე”) მკვლელობის ისტორიას აღადგენს. თქმულების გადმოცემა, ძაგრევსის მკვლელობასა და სიკვდილის შემდგომ აღდგომაზე (წმინდა ვაცის სახით), რიტუალური მოქმედებების თანხლებით სრულდებოდა. აქ სისხლიანი ორგია თამაშდებოდა. გამძვინვარებული, ცხოველური, ავხორცული ჟინით შეპყრობილი ადამიანები ავკაცობას ჩადიოდნენ – ეროსი აშიშვლებდა თავის ბუნებრივ სტიქიას. ყოველივეს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ამის საფუძველზე კათარსისი მიიღწეოდა. დრამა გულწრფელი და სიღრმისეული მონანიებით სრულდებოდა – მსხვერპლს დასტიროდნენ, ტანსაცმელს იგლეჯდნენ, თავზე ნაცარს იყრიდნენ, საკუთარ სხეულს დანით ისერავდნენ. და, ბოლოს, მესამე აქტის დროც დგებოდა – განახლებული ღმერთის სამყაროში დაბრუნების დრო.
ეროსი მარტო დამანგრეველი სტიქია არ არის. მას ძალა შესწევს განწმინდოს, გაანათლოს სული, გააღვიძოს სინდისი ადამიანში; მოუწოდოს ადამიანს, არ მისცეს თავს უფლება ჩვეული გახადოს ეს საშინელება. გამოფხიზლდეს, დაწყევლოს და დათრგუნოს დამანგრეველი, შემმუსვრელი ვნებები. ასეთია ძველი მისტერიების აზრი.
ამრიგად, ეროსი, უპირველეს ყოვლისა, ერთ-ერთი ადამიანური ვნებათაგანია, რომელიც ადამიანის ბუნების ფილოსოფიურ წვდომაში გვეხმარება. სიყვარულის ფენომენში გარკვევა ადამიანის არსში გარკვევის ტოლფასია.
ძველი დროის მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ სულიერი სიყვარული პირველადი და უმთავრესია ხორციელ სიყვარულთან შედარებით. სიყვარულის არსი მისტერიებში პოვებდა ახსნას. ეს ღმერთისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა იყო. სიყვარულს ზეციური საწყისი აქვს. ხორციელი სიყვარული მხოლოდ მაშინ არის წმინდა და ამაღლებული, როცა იგი სულიერი სიყვარულის შედეგი და ნაყოფია.
ანტიკური ეპოქის ბერძენი, ეძლეოდა რა თავდავიწყებასა და განცხრომას, თავადვე ადგენდა საკუთარი ასკეზის, თავშეკავების, დაშვებულობის საზღვრებს. სულ სხვა ვითარებაშია თანამედროვე ადამიანი. მან იცის, რა არის საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმა და რა – ნორმიდან გადახვევა. ამდენად, იგი უკვე სათანადოდ ვეღარ უწევს ანგარიშს საკუთარ გამოცდილებასა და სპონტანურად აღძრულ გრძნობებს. მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია მეცნიერული თვალსაზრისი და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული, მიღებული შეზღუდვათა სისტემა. |