ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,
სახლებზე ადის ფერადი ბოლი
და კიბეებზე, ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი.
ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები.
გზებზე ქარივით მოქარავანე
და აიმართნენ, ვით ჟირაფები,
მთა არსენალის და მთა სავანე.
ეს შეღამება ნათელს დამათოვს,
მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას.
ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს,
ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ, ვისაც ქერა
სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით
და არ მშორდება თბილისის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.
შემდეგ არაა არსად ახალი
ცა - ოკეანე, მთვარე - ნაფოტი,
თბილისი ჩემთვის არის მაღალი
გილიოტინა და ეშაფოტი.
ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმა,
ახალი გწვავდეს მზე უვედრები
და განიცადო ასეთი ჯვარცმა,
უბედურება, რღვევა, ცხედრები.
დახავსებული კარებით შევლა,
სად ყვავილების ჩუმია შფოთი,
და განიცადო ასეთი წყევლა:
გილიოტინა და ეშაფოტი.
1916