| 
 
 
				
			შემოდგომაა. წვიმამ მოლია 
 ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.
 
 
 ზაფხულის დღეთა ის ქაფი ქრება,
 
 არის ცეცხლის ხმა და ჩაფიქრება...
 
 
 იშლება თვალწინ ფერადი ნოხი -
 
 თქვენთა მშვენიერთ წამწამთა ქოხი.
 
 
 იმ დარდად ჩემს გულს ხშირად სწოლია
 
 ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.
 
 
 არ გებრალებით? მე მქონდა გული, -
 
 ახლა ის არის, როგორც ყინული.
 
 
 თქვენ კი ჯერ ისევ მაისს ედრებით,
 
 მომწერეთ რამე; ოჰ, გევედრებით!
 
 
 ვინ იცის, იქნებ გალხვეს ყინული
 
 ღრმა მწუხარებით შემორკინული.
 
 
 1915
 |