წვიმით ოდეს შრიალია ცაცხვისა
მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა,
წვიმით ოდეს შრიალია ცაცხვისა,
გქონდეს სული მისი ზეცის და ზღვისა.
ცაცხვქვეშ ვხედავ ორ მხიარულ დაიკოს,
მათგან უფროსს შორით ვიცნობ: მაიკოს.
ცაცხვის ტოტით მისწვდა ჭიამაია,
ცაცხვის ტოტებს ცეკვა აქვთ - სამაია.
ბავშვი იჭერს: "მითხარ, ჭიამაია,
რომელ მხარეს გათხოვდება მაია?”
ბავშვის სახე აღტაცებით გაბრწყინდა,
როცა მწერი ლურჯი ზღვისკენ გაფრინდა;
ზღვისკენ, სადაც ტალღა არ მოდუნდება,
სადაც გემი შორი გზიდან ბრუნდება! |