siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-15 - 1:53 PM    
იგი მწუხარე მახსოვს არია,

რომელმაც სულში, როგორც ჭიანურს,

საწამლავები გადაარია

წვალებას არაადამიანურს.


ოცნება დროის უსაბუროსი

მოგონებისთვის მაინც ურგია,

მაგრამ უეცრად მოდის ბურუსი

და შორს, ძლიერ შორს, პეტერბურგია!


ოჰ, მეპატიოს, გული-ყინული!

თეთრად სპეტაკი - მარად შავია,

წმინდა ქართული და რუტინული

აზრისთვის იგი დამნაშავეა!


და მარად უნდა წამიღოს ჟინმა

და გულმოკლული ვიგრძნობ ციერებს,

ოდეს შემთხვევით ახსენებს ვინმე

ჩემთან იმ დღეებს უბედნიერესს.


მახსოვს: ნეჟინი!..

იქ მარტოობა და სინანული.

დაგვესხნენ ღამით მოთარეშენი

და ომი ატყდა პარტიზანული.


შემდეგ უდაბნოს ყვავილთა მზოგარ

თვალით მძებნელი და მარებელი,

ვუდარაჯებდით, თუ ქარში როგორ

ასცდა ლიანდაგს მატარებელი.


სასტიკი იყო ჩემი დემონი,

არ ითვისებდა ჩვეულ გალობას,

ანგელოსები უედემონი

სტიროდნენ გზათა მიუვალობას.


და მიგვაფრენდა, ლოცვათ მაგიერ,

ფრთიან ქიმერათ გვიანი ჯარი,

ოჰ, ვერასოდეს გვერდს ვერ აგიარ

მე, უდროობის იანიჩარი.


არ გასვენებდა ახალი დარდი

და თრთოლვარებდნენ შენი ბაგენი,

რომ დაგეფარა ლურჯი შტანდარტი,

რომ აგვემართა სხვა კართაგენი.


კვლავ მოგონება, წამზე უმალი,

გაფითრებული ფერით მფერები,

გასაოცარი და იდუმალი

ვიდოდნენ მძიმე კრეისერები.


გრძნობით რეკავდა ყოველი წუთი,

გემზე ისმოდა მკაცრი ბრძანება,

ედევნებოდა სალუტს სალუტი

და ესკადრები მიექანება.


აჰა, ნაპირიც! ჩვენი ნაპირი,

იგი მშობლიურ თიბათვეს ჰგავდა,

სილაზე იყო გზა პირდაპირი,

სილაში უხმოდ ჩაწოლილ ნავთან.


აღმოსავლეთის ქარი დაჰქროდა -

მიმოგონება, ზარი, თითბერი,

სახეს სითეთრე თოვლის დაჰყროდა,

სულს -ბურუსები ირისისფერი.


და იალქნების გროვა მრავალი

ეშურებოდა ქვეყანას - ზმანეთს,

იქ, სადაც ზღვა და ცის დასავალი

სიტყვის უთქმელად გრძნობენ ერთმანეთს.


მივდივარ ისევ... შემოგვხვდა ზიზღი,

ვიგრძენით სული აღსავსე სუსხით.

მან მწუხარებით გვითხრა: დამისხი! -

ჩვენ უძველესი ღვინო დავუსხით.


მან მწუხარებით წარმოსთქვა: - მცივა! -

მე მოვიხადე ჩემი ნაბადი.

და ნაბადის ქვეშ ელავდა ცივად

თვალები, ცეცხლის ორი აბედი.

- მე იმერეთში წავალ,თქვენ საით?

- მეც იმერეთში, ჩემო ბატონო.

შევყევით გზაში ცბიერ მუსაიფს.

შენ თვლემდი, ცაო, უკაბადონო.


გამოგვეგება მუნჯი მსახური,

ისევ ატმები, შინდები, ქვიშნა,

სახლს გადაცლოდა გადასახური

და დასავლეთი შორით გვენიშნა.


გამოგვეგება ძაღლი ბებერი,

გვიცნო და უცებ შესწყვიტა ყეფა.

წვიმა... მდინარე... თვე ნოემბერი.

ვთქვით: მწუხარება ახლა იწყება.


მოგვესმა ძველი: გაჩუმდი, მურა!

ჩამავალმა მზემ მთები მიმალა.

ეზოდან ქალი გამოეშურა,

შეგვხედა, გვიცნო და მიიმალა.


არ მოგვესმოდა სახლიდან მოთქმა,

მაგრამ საოცრად ტიროდა სახლი.

ეზოში სამჯერ იკივლა ჭოტმა,

ზარით აზუვლდა ბებერი ძაღლი.


მაშინ საზარლად ატირდა მუნჯი

ჩვენი ყრუ, ჩვენი მუნჯი სატანა,

თითქო სადღაცა გაქრა საუნჯე

და შეღამებამ ითანდათანა.


ახლა რაღა ვქნა? ცეცხლთა რიდება

არ გენატრება დიდს და ხელოვანს

და არ გიშუქებს შორი დიდება

მყუდრო სიბერის გზას სახელოვანს.


ქარნი არ ჰქრიან. თრთიან ხეები.

გათენებულ ცას რთავენ ლავრები

და მაგონდება მწარე დღეები -

ჩემთა ხეტიალთ თანამგზავრები.


1919
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<