რით გავითბო გული ყინვით დამზრალი, ჩავკლა სულში ნება შურის მქსოვლისა. უხილავ მზით რითაც თბება სამყარო სიყვარულით უპირველესყოვლისა.
რა მიმრთელებს გულის ბზარებს თუ იცი? სასოება მზრდელის ყოველ ცხოვლისა, ვინ მიყვარდეს მიწყივ მთელი არსებით - ღმერთი ჩემი უპირველესყოვლისა.
მაღლით დაბლა თავი ვინ დაიმდაბლა? მიედრიკა ჭურს ხორციელ მშობლისა, ჭირსა შინა ვისი მქონდეს იმედი - სულიწმინდის უპირველესყოვლისა.
ვინ იტვირთა ეკლის მწარე გვირგვინი, ჯვარი, გვემა, ცოდვა-ბრალი სოფლისა, ვინ გასინჯა გემო ძმრის და ნაღველის საკუთარი სისხლისა და ოფლისა.
ვინ დათრგუნა სიკვდილითა სიკვდილი, გამოიხსნა ტყვენი ცათა მგმობლისა. ბრმანი კვალად განაბრწყინა ნათელით ბინად მისცა სახლი არსთა მპყრობლისა.
ვინ მოგვმადლა საზრდოდ პური არსობის, თვით შეიცხო როგორც კვერი ობლისა. ვის ვმადლობდეთ ყოველივე ამისთვის? - ტკბილ იესოს უპირველესყოვლისა.
სიცოცხლეს და უნაპირო სიკეთეს, მოწყალებას, სიტყვას ცაში მხმობლისა. ერთარსება ყოვლადწმინდა სამებას თვით სიყვარულს უზესთაესყოვლისა
|