მოდიხარ, ივსება ქალაქი უწინ რომ უშენო იყო და შენობით ივსება ქალაქი, მოდიხარ სიტყვებით, რომელსაც თითქოს და სეტყვებად უშენენ წამები ჩასუნთქვას, ჩემს ჰაერს სუნთქავ და იფერებ, მე ვგრძნობ რომ სავსეა გრძნობები, დღეები, ქუჩები და სულ არ ეტყობა ზღვას ზეცის სარკეში სიბერე.
მერე კი მიყურებ, მიყურებ, მიყურებ, მიყურებ, და ყველა ადრინდელს ერქმევა უზომოდ გვიანი, აქ ხარ და თან არ ხარ, მირაჟის ვარდისფერ რიკულებს მზე წველის, მზე მწველი, მზეს ველი, მზიელი მზერიდან და სანამ სარტყელი შეახო ზღვამ ზეცის ჰორიზონტს, ვუყურეთ, ტალღებით ტალღებზე ტალღებს და მე მინდა -
ივნისის ის ოცი, ოციდან გასული შვიდი დღე, რომ იდგა, მოხვედი ჩემთან და უბრალო წიგნაკი - წაიღე და მერე თბილისში ჩასვლამდე, იკითხე, ათასჯერ იკითხე, ან უფრო მეტჯერ, ან ნაკლებად მოხვედი, წახვედი და სავსე დატოვე ქალაქი, გრძნობებით, ჩემი და მორიგი ლექსების აკლებად. |