1400 “სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,
ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
1401
“შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი, მსგავსად გმირისად;
კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად.
თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.
თათბირი ტარიელისა
1402
ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,
თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.
1403
“მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.
1404
“მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები;
მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.
1405
“ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა”.
1406
ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა:
მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კარსა ვერა;
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”.
1407
ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა.
ამას ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
1408
კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,
დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.
1409
იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა;
დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
1410
ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
1411
თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია,
მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;
მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელნი ომნია!
1412
სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები;
თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები,
გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.
1413
პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,
მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.
1414
ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.
სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი,
იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.
1415
მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა:
კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა;
მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.
1416
კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახნეს კაფისა,
რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.
1417
ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს,
მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს,
უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?”, მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
1418
ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა.
ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტერისა.
1419
ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული,
ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.
1420
გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.
1421
ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.
1422
მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.
აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბნეს სამნივე ძმობილნი,
მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.
1423
მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა,
მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.
1424
ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;
არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.
1425
სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა;
მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა,
რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!
1426
მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;
სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.
1427
სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია;
ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,
თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.
ტარიელისაგან
ზღვათა მეფისას მისლვა
1428
ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსვრით მსპობელი;
ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.
1429
“აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
მისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.
1430
“მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,
სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.
1431
“თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,
ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!»
1432
რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, -
წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა -
მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.
1433
ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,
მას მოაქვს, რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა;
ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;
უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.
1434
შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა;
შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,
ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.
1435
ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი!
ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.
1436
ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
“ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
აწ ეგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვარ არ-დამზრალი”.
1437
ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა.
ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა;
უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ხიდსა.
1438
მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;
ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა,
იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.
1439
ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა.
დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,
მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.
1440
ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,
თითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,
მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!»
1441
ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა:
“დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
მერმე, აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა,
ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.
1442
ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ-მჭვრეტელთა შორით მკვლელო,
მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!»
1443
ტარიელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია;
დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.
1444
ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
“მე, მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა.
ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!»
1445
ზღვათა მეფესა ეტყოდეს სამნივე შუქთა მაფენი,
კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი:
“უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი, ნა-ჩანგ-დაფენი,
მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.
1446
“შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო,
მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო”.
მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო,
რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!»
1447
მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა.
გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.
1448
გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა,
კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა,
ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.
1449
მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა მათთა მთხრობლად:
“მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქმნებით დაუზრობლად.»
1450
იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა;
მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა,
მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.
1451
მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები.
ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰყრის ცულები,
აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.
1452
ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა,
უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა,
აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ-სიძვირით ა;
მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!»
1453
ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი,
ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,
სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩნს, ოდეს გნახენ მხიარულნი.»
სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.
1454
დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება:
“რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება!
ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება,
წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება.»
1455
მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს.
მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,
იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.
1456
“თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”.
ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.
1457
მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს;
დადუმდეს და მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!»
1458
“ვინ ღირს ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”.
კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნურად იქმ გამწარებასა,
ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!»
1459
ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა;
მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა,
რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.
1460
მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია;
სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,
დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.
1461
შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია,
შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.
1462
გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები.
გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.
ქორწილი ტარიელისა და
ნესტან-დარეჯანისა
ფრიდონისაგან
1463
მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;
ავთანდილისთვის - ყვითელი და შავი ერთგან რეული;
მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.
1464
მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა
ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.
1465
მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,
ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,
კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,
მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.
1466
კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,
მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა;
კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,
ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.
1467
იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.
ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.
აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა,
ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.
1468
ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;
ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა;
დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.
აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.
1469
ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:
“არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,
მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.
1470
“ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:
შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,
ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.
1471
“უთხარ: «ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!
ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.
1472
«აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები?
ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;
ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები.
თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები».“
1473
რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა;
თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა!
ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.
1474
„ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა,
საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით ა,
არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,
მას ზედა შველა რად მინდა?! რად მეჭვ რასაცა თნებითა?
1475
“რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი;
მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი,
უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.
1476
“მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი:
«მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი,
ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.
1477
«გებრძანა: «შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა».
ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;
მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა,
მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.
1478
«ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე,
მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.
1479
«რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,
მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.
სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი»“.
1480
რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი.
ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.
1481
“მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:
«მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები».
1482
“ესე უთხარ: «ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო,
ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო»“.
1483
უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
“არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”.
მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.
ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!
1484
ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,
ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად,
ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.
1485
“რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!
ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!
1486
“ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.
1487
ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,
ხელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან:
“მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.
1488
“დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;
თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,
თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.
1489
“მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.
1490
“ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.
რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?
დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით”.
1491
რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,
არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;
ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.
სამთაგანვე ქვაბსა მისლვა
და მუნით არაბეთს
წასლვა
1492
ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს,
ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.
1493
ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.
1494
იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს;
მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა მიადინებდეს;
სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.
1495
მას ჰგვანდეს, თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა;
შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა,
სად ყოფილიყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.
1496
ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
მუნ მივალ, სადა ყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა”.
1497
მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა,
ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.
1498
მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.
1499
უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები,
კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათთანა ნარები,
მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაც-დაუკარები.