siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-28 - 4:14 PM    
siyvaruli.in
900

მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად:
საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.

901

დაჰმორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი;
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

902

ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

903

“არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გვხვდების”.

904

მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, -
გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს, -
მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს!
შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?!

905

“ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!»

მბობა ტარიელისაგან

ლომ-ვეფხის დახოცისა

906

“რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

907

“იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს;
ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

908

“ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ერთგან რებულნი, -
სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსეს დებულნი, -
შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი,
ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

909

“პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
გამოჰრიდა ვეფხმან გული, - დედათამცა გამოჰრიდნეს! -
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

910

ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!»

ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.

911

“ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

912

რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე!

913

“აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!
სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”.
ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა, ა-ცა-ტირდა.

914

ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;
უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და!
ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

915

“სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

ტარიელისაგან და ავთანდილისაგან

ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

916

იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს;
რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს!
მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,
აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

917

ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,
შენ ხარ სავსება ყოველთა, აგვავსებ მზეებრ ფენითა;
გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!
დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!»

918

ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია,
საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
ვა შენი ბრალი, თვარა-და სიკვდილი ჩემი ლხინია!

919

“სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!
ვა, წარხდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!»

920

ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;
იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?
შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,
გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ცხელი!

921

“ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,
ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო”.

922

სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;
ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა,
დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

923

მწვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა,
მას წეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

924

ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!
მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,
ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

925

მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,
იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი.
რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;
ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

926

ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

927

“აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა;
მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.
ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,
წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით ა.

928

“ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;
რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

929

ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა:
ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?
იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

930

“ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!
სდევს ფათერაკი მიჯნურსა, განჭვრიტეთ, გაიცადენით,
თქვენ ერთმანერთსა არ მიჰხვდეთ, მე სულნი ამომხადენით!

931

“ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

932

“თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,
მოვახსენე: «რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?»

933

“მან მიბრძანა: «მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად».
მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,
აწ შევიქცე, რა ვუამბო? - «რად მოხველო ჯაბან-ხრდლურად?»

934

“მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
ვერას ვერა შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

935

“სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
გწადდეს - გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა შმაგითა;
მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

936

“ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა

აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა;
ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

937

“ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსავ არ მოვიდე,
ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდი კიდე;
ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე,
მაშინ გწადდეს - იხარებდი, გწადდეს - ჭმუნვა გაადიდე.

938

“აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!
მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,
არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.

939

მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,
არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;
თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

940

“რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;
ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;
შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა,
უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!»

941

საუბარი გარდაწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;
ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;
შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,
ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

942

ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!

943

დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს.
ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,
მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

944

ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,
ასმათ ტირს, მოთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,
ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!»

945

მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,
ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

946

ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა!
რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?
მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,
აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა”.

947

ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,
მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:
“აღმოსავლეთით წადიო, პირსა იარე ზღვისასა,
თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა”.

948

თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა;
მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

949

ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს;
მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს;
თვალთათ, ვითა წყაროს თვალით, ცრემლი ველთა მოადინეს,
დიდხან იდგეს შეჭდობილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს.

950

გაიყარნეს ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ ვლიდეს შამბთა ეჯით;
ვირე უჩნდათ ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;
იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

წასლვა ავთანდილისაგან

ფრიდონისასა

951

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

952

ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ხმა მისწვდების ცათამდის,
იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

953

ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა;
ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა;
კვლა თინათინის გონება ავსებს უფროვე ჭირითა;
ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

954

ვარდი ჭნებოდა, ღრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა;
ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;
გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ ა;
იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და!»

955

მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,
შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად,
მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?

956

“თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?
მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;
წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს”.

957

მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
“აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა,
მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

958

“მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: «ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა».

959

“ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?

960

“მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
როგორ გასრულვარ, შენ იცი, გული არღა არს ლხენითა.

961

“მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

962

“ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა ვითა თმასა.

963

“მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვლდები, ზოგჯერ წვლდები;
მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები,
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

964

“აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან.
მას გააგონენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

965

აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია,
რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია;
მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,
მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

966

“თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, - სიცოცხლისა იტყვის თუსა, -
ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”.
მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა,
მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

967

რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;
იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

968

მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი:
კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,
ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,
რუსნი, სპანი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.

მისლვა ავთანდილისაგან

ფრიდონისას

969

ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;
შორით ნახნა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა;
მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა,
ეს სამეფო ვისი არის, ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?»

970

მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა,
გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;
აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრეა ფრიდონ მზღვრებითა;
ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

971

“ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,
მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა;
ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,
იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა”.

972

ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?»
მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე.

973

მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,
მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი;
აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;
ვა, რად დაგვწვენ უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!»

974

ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი,
ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!
თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი!
ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

975

კაცნი წავიდეს: დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,
ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა;
მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

976

ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,
მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,
ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

977

მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;
მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,
ისრვიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

978

კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?»
მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

979

მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.

980

მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
ყმამან ცხენი შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,
გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა

981

იგი რა ნახეს, მესროლთა, სროლასა მოეშლებოდეს,
ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

982

მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა;
მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
ფრიდონს უკვირდა: “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

983

ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი,
რა ქმნეს, ალყა რად მოშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?»
მონა ფიცხლად მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,
დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

984

ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული.
- წა, ჰკადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:
ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,
ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

985

მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად,
უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;
ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
«ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად»“.

986

რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,
მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

987

ფიცხლად ჩავლო იგი ქედი, ჩაეგება ფრიდონ წინა;
რა შეხედნა, მან ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ ა?»
მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.

988

მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ;
თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;
რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ,
მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ან გაყიდონ.

989

ფრიდონისებრნი მოყმენი ვინა ვინ ვით ეგებიან!
მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან;
მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,
დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

990

ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა;
ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმენ ჯრასა,
თქვეს: “ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!»

991

ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა,
გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა,
ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

992

“მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,
დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,
ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,
საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

993

“დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;
მინდორს ვნახეთ, ტარიელ ჯდა, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,
ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

994

“მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;
მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,
ზოგსა მხარ-თეძო დალეწა და ზოგთა სული ჰხდებოდა;
მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

995

“მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა.
რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

996

“ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.
მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.
მე ვერღა გავძელ მისისა ამბისა ვერ-დასტურობა,
გამოვიპარე საძებრად: “მწვიდა ცეცხლისა მურობა.

997

“იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.
მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;
ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,
შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

998

“ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია;
მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;
მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია,
ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

999

“ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
მიართმევს და ამით არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი,
მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<