- ეწევი?
- კითხულობ დახრილი თვალებით
და თითქოს შეკითხვებს მაპარებ შერჩევით...
კითხვაზე ვიცინი და მერე პასუხით
გაკვირვებ, როდესაც ვამბობ, რომ ვეწევი:
ვეწევი ყოველდღე პოეტურ ცხოვრებას,
წინასწარ არცერთი დღე არ მაქვს გათვლილი,
ფურცლიდან ფურცლამდე თავისით გადის დრო
და ვცხოვრობ უბრალოდ პოეტი ქალივით.
ყოველ წუთს ვეწევი სიცოცხლის სიყვარულს,
სიცოცხლეს თვითონაც ვუყვარვარ, მჯერა და
თუ ზოგჯერ ყველაფერს შავ-თეთრად აღვიქვამ,
ხანდახან შავ-თეთრსაც ვუყურებ ფერადად.
ვეწევი მე ჩემს ბედს ნაჩუქარს ღმერთისგან,
ბევრ რამეს აწმყოდან წარსულთან ვეწევი
და თუ რეალობა სურვილთან შორია,
გასწევ თუ გამოსწევ, მაინც დგას კედელი...
სხვა თუ არაფერი, ვეწევი სიყვარულს,
თავის დარწმუნება ხომ მაინც შევძელი
იმაში, რომ როცა ვერავის შველიან,
ხანდახან ცრემლებიც ხდებიან ზედმეტი...
- ეწევი? - კითხულობ დახრილი თვალებით
და თითქოს შეკითხვებს მაპარებ შერჩევით...
სიგარეტს არასდროს! ისე კი, მის გარდა
ხომ ხედავ, თუ რამდენ რაღაცას ვეწევი?! |