|
ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო! აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები,ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ. ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვას ჰაერის ტალღებს, ხომ გესმის?! ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი,მაგრამ რარიგ ძნელია მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს.არ გსაყვედურობ.არ არის საჭირო! მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს. ო, დღევანდელი დილა იყო ვარდისფერი,ვარდისფერი.მზემ სისხამზე ვარდებით მოფინა თოვლი.თოვლიც ვარდისფერი იყო.ასეთი დიდებული ვარდისფერი ჯერ არ მინახავს არც ბუნებაში,არც ხელოვნებაში. ამ ვარდისფერ ტონებში გაბრწყინდა,აკიაფდა ვარდისფერი ფიქრები,მომაგონდა შენი "იისფერი თოვლი". ოი, როგორ ფეიერვერკებად ტრიალებენ,ეხვევიან ერთურთს ოცნებათა ვარდისფერი და იისფერი ტონები და როგორ ეწვიოს მათ ადამიანის სულის სწრაფვა,ადამიანის ფიქრი,გრძნობა იმისა,დიადი და მიუწვდომელი რომ აქციოს მისაწვდომი,ხელშესახები, რათა დამკვიდრდეს მთელ ქვეყანაზე ბედნიერება-რამეთუ ადამიანი იმსახურებს ამას! ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალიკ! ირგვლივ ყინულის ლოლოები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ,ახლოა გაზაფხული! დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება! ჩემო ძვირფასო, ტიტანური ძალით მინდა რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ,შორს ეს ფიქრები,ეს დემონი ჩემი სულისა! ძვირფასო ჩემო,ნაღვლობენ, დარდობენ,ხელობენ ოცნებანი შენზე. შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!! თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი. ძვირფასო გალიკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს-უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის,შენი ცხოვრების ამბავი. გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს! ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს ტალღებზე... ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის წერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს! მშვიდობით! შენი ოლია. მას შენ სიგიჟემდე უყვარხარ! ჩემი თხოვნაა თავს გაუფრთხილდი ჩემო ძვირფასო! მაგრად გეხვევი. |